არავითარი პანიკის, სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობდა, ეს იყო ცრუ განგაში - გიორგი ამილახვარი
მაქსიმალურად შევეცადეთ, სასკოლო საზოგადოებისთვის სწრაფად მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ არავითარი პანიკის, მით უმეტეს, სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობდა, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
„გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ ახლად შექმნილ „ტელეგრამ არხზე“. მთელი ღამის განმავლობაში, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სკოლებში შესაბამისი ღონისძიებები როგორც სამინისტროს, ისე შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების მხრიდან. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ისინი უწყვეტ რეჟიმში ამოწმებდნენ. დილით ადრე უკვე გვქონდა ინფორმაცია, რომ არ დადასტურდა ის, რაც ეწერა ინფორმაციაში. ბუნებრივია, მაქსიმალურად შევეცადეთ, სასკოლო საზოგადოებისთვის სწრაფად მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ არავითარი პანიკის და, მით უმეტეს, სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს. ყველა სკოლაში მოხდა გადამოწმება და ეს იყო უბრალოდ ცრუ განგაში. რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები იკვლევენ, იძიებენ, ვინ დგას ამის უკან და რა შეიძლება, ყოფილიყო ამის მიზნები, ამოცანები“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ტელეგრამში“ ტერორიზმთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.