არც გინებას, არც შეურაცხყოფას და, მით უფრო, ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია, ელიზბარაშვილი რესტორანთან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა - მტკნარი სიცრუეა მტკიცება, რომ თითქოს იგი ჩვენი საჩივრის საფუძველზეა დაკავებული l შაკო კუჭაშვილი
შემთხვევა არ გასცდენია სიტყვიერ კამათს - არც გინებას, არც შეურაცხყოფას და, მით უფრო, ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია. ელიზბარაშვილს მოვუწოდე, რომ მომავალში თავი შეეკავებინა ჩემი და, მითუმეტეს, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფისგან. მისი ასაკის გათვალისწინებით, მომხდარი უსიამოვნების გამო ბოდიშიც კი მოვუხადე და ვუთხარი, კონფლიქტი ამოწურულად ჩაგვეთვალა, - წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი თამაზ ელიზბარაშვილთან მომხდარ ინციდენტზე.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ მტკნარი სიცრუეა ელიზბარაშვილის, მისი ახლობლების და მხარდამჭერი მედიების მტკიცება, რომ თითქოს იგი მისი საჩივრის საფუძველზეა დაკავებული.
„30 აგვისტოს, რესტორან „სხვაში“, თამაზ ელიზბარაშვილთან სიტყვიერი კონფლიქტი მომივიდა, ვინაიდან ამ ადამიანს წარსულში ჩემი და ჩემი ოჯახის წევრებზე შეურაცხმყოფელი კომენტარი ჰქონდა დაწერილი.
ინციდენტში, ვითარების განმუხტვის მიზნით, ჩემი მეგობრებიც ჩაერთნენ. შემთხვევა არ გასცდენია სიტყვიერ კამათს - არც გინებას, არც შეურაცხყოფას და, მით უფრო, ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია. ელიზბარაშვილს მოვუწოდე, რომ მომავალში თავი შეეკავებინა ჩემი და, მითუმეტეს, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფისგან. მისი ასაკის გათვალისწინებით, მომხდარი უსიამოვნების გამო ბოდიშიც კი მოვუხადე და ვუთხარი, კონფლიქტი ამოწურულად ჩაგვეთვალა.
თუმცა, ელიზბარაშვილი მომენტალურად გახდა აგრესიული და გვითხრა, - ,,ამას ასე არ დავტოვებ, ნახევარ საათში დავბრუნდები და ყველანი აქ დამხვდითო” და მართლაც, ელიზბარაშვილი რესტორანთან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა.
ამ ფაქტის შესახებ გაიგო მთელმა რესტორანმა, მათ შორის, რესტორნის დაცვის სამსახურმაც, რომელიც, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იარაღით მისულ ელიზბარაშვილს რესტორანში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდა.
მტკნარი სიცრუეა, ელიზბარაშვილის, მისი ახლობლების და მხარდამჭერი მედიების მტკიცება, რომ თითქოს იგი ჩვენი საჩივრის საფუძველზეა დაკავებული. არც მე და ინციდენტში მონაწილე არც ერთ ჩემს მეგობარს პოლიციაში არავითარი საჩივარი არ შეუტანია. ჩვენ საქმის აღძვრის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც სამართალდამცავი ორგანოდან დაგვიკავშირდნენ და გამოკითხვაზე დაგვიბარეს. ჩვენ, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, გამოძიებას მივეცით ჩვენება რესტორანში მომხდარის შესახებ.
აღნიშნულ საქმეზე დეტალები და ვიდეომასალა პროკურატურამ დღეს გაასაჯაროვა.
სამართლებრივ სახელმწიფოში, ხალხმრავალ ადგილას, იარაღით გადაადგილების აღკვეთას არანაირი „ჩივილი“ არ სჭირდება", - წერს შაკო კუჭაშვილი.
სხვა სიახლეები
ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 33 პოზიციაზე გამოცხადდა
04.09.2026.13:26
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი 33 პოზიციაზე გამოცხადდა.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 2026 წლის 1 სექტემბერს დაიწყო და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს, რომლებიც ბაკალავრიატის დამამთავრებელ სასწავლო წელს ან უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლობენ. პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ პირებს, რომლებმაც უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაასრულეს.
კანდიდატთა შერჩევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია აკადემიური მოსწრება — GPA 2.7-დან 4.0-მდე ან, 100-ქულიანი შეფასების სისტემის შემთხვევაში, 71-დან 100 ქულამდე.
ამასთან, სამინისტროს სისტემაში გამოცხადებულ ცალკეულ პოზიციებზე, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრულია დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, პროფესიული გამოცდილება საჯარო სამსახურში მიიღონ, პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა და გაეცნონ სახელმწიფო უწყებების საქმიანობას.