ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებისათვის $25 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო შეთანხმება გაფორმდა - შეერთებული შტატების საელჩო
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია PACE Group-თან $25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა.
,,დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება, რაც ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
პროექტის განხორციელების შედეგად პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით ერთი მილიონი ტონით გაიზრდება, გაძლიერდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა და კიდევ უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი გახდება ვაჭრობა ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ.
აღნიშნული პროექტი ეფუძნება DFC-ისა და PACE Group-ის წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში 2020 წელს ფოთის ახალი საზღვაო პორტის ტერმინალის განვითარებისა და მშენებლობისთვის $50 მილიონი დოლარის სესხი გამოიყო.
DFC აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო საინვესტიციო სააგენტოა, რომლის ინვესტიციები ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის მყარ ეკონომიკურ შედეგებს უზრუნველყოფს და ხელს უწყობს აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას", - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ნინო ჯელაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა
25.06.2026.11:48
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ და შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა და მაკროეკონომიკური პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ რისკებსა და მათ შესაძლო გავლენაზე საქართველოს ეკონომიკაზე. ასევე, მიმოიხილეს საბანკო სექტორის მდგრადობა და განვითარების ტენდენციები, ზედამხედველობის ჩარჩო, ფინანსური სექტორის ციფრული ტრანსფორმაცია და კიბერუსაფრთხოების საკითხები.
ნინო ჯელაძემ ხაზი გაუსვა ADB-ის მნიშვნელოვან როლს დაფინანსების გამოყოფისა და ექპერტიზის გაზიარების კუთხით. ასევე, აღნიშნა რომ მიუხედავად მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე გაზრდილი გაურკვევლობისა, საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას შეუფერხებლად განაგრძობს. ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ, ხოლო საკრედიტო დანაკარგები ისტორიულად დაბალ დონეზეა. ამავდროულად, საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზეა და 2026 წლის აპრილის მდგომარეობით 14.1% შეადგინა.
შეხვედრა ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის ფორმატში წარიმართა და მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა დაადასტურეს.