ათასგვარი საცდური ცდილობს ჩაანაცვლოს რწმენა და ფასეულობები, ასეთ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის სიყვარული და სამართლიანობა ის ზნეობრივი ღირებულებებია, რომელთა არსიც არ იცვლება - შიო მესამე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოვიდა.
მისი თქმით, დღევანდელი კონფერენცია, გამორჩეული ისტორიული მოვლენის გახსენებასთან ერთად, ქართველთა მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული გზის, იმ სულიერი და სახელმწიფოებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრებაა, რომელმაც ჩამოაყალიბა ერის სახე და მისი თვითმყოფადობის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად იქცა.
„გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. მივესალმები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამობრძანებულ სასულიერო პირებს, საპარლამენტო დელეგაციების ევროპის ქრისტიანული ეკლესიებისა და საერთაშორისო საეკლესიო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იზიარებენ ამ საიუბილეო წლის სიხარულს.
1700 წლის წინ ჩვენი წინაპრების მიერ მიღებულმა მტკიცე გადაწყვეტილებამ საქართველოს მყარად განუსაზღვრა თავისი კუთვნილი ადგილი მსოფლიო ცივილიზაციათა შორის. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში უფლის კვართის ფლობითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობით ჩაეყარა საფუძველი ქრისტეს სიყვარულით ნასაზრდოებ ამ მრავალსაუკუნოვან გზას. წმინდა მოციქულთა ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელის და მახათას ქადაგებებით ეზიარა ქართველი ხალხი ქრისტეს ნათელს, მოგვიანებით კი, მეოთხე საუკუნეში, მოციქულთა სწორის ქალწულ ნინოს ღვაწლით სამარადჟამოდ დაიმარხა ჩვენმა ერმა გულში მაცხოვრის რწმენა. ქრისტიანობა იქცა არამხოლოდ ადამიანის სულიერი ცხოვრების, არამედ მთელი ქვეყნის კულტურული და საზოგადოებრივი აზროვნების განმსაზღვრელად. მან ჩამოაყალიბა უძველესი და უნიკალური კულტურის მქონე ქართველი ერის მსოფლმხედველობა და ეროვნულ სარწმუნოებრივი იდენტობა, ქრისტიანულ ფესვებზე აღმოცენდა და განვითარდა მთელი შემდგომი ქართული მწერლობა, ხელოვნება, კულტურა, განათლება და საზოგადოებრივი აზროვნება.
ქრისტიანობამ მოგვცა უამრავი მოღვაწე და წმინდანი, დიდი და თავდადებული ადამიანი. მას შემდეგ მრავალმა ქარტეხილიანმა საუკუნემ განვლო, მრავალი დიდი თუ მცირე ქვეყანა აღიგავა პირისაგან მიწისა და ჩაიკარგა დროის მდინარებაში, მაგრამ ქრისტეს რწმენით ნასაზრდოებმა და ქრისტიანული ღირებულებებით შეჭურვილმა ქართველმა ერმა მაინც შეძლო შეენარჩუნებინა სარწმუნოება, ენა და მამული. ქრისტიანულმა აზროვნებამ და რწმენამ შესძინა სულ სხვა სულიერი და ზნეობრივი შინაარსი ევროპულ ცივილიზაციას. ჩვენი ქვეყანა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და ისტორიით ოდითგანვე სხვადასხვა კულტურის და ცივილიზაციის გზაჯვარედინზე მდებარეობდა. საქართველო საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა ბიზანტიის, ქრისტიანული აღმოსავლეთის და ევროპის მდიდარი საღვთისმეტყველო ინტელექტუალური და კულტურული აზროვნების საერთო სივრცეში. ამ კავშირით ქართველმა ერმა, ერთი მხრივ, შეინარჩუნა თავისი თვითმყოფადობა, ამავე დროს კი გამორჩეული წვლილი შეიტანა მსოფლიო ქრისტიანობის სულიერ საგანძურში.
თანამედროვეობა ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს – ომები, დაპირისპირება, შუღლი, ათასგვარი საცდური ცდილობს ჩაანაცვლოს რწმენა და ზნეობრივი ფასეულობები. ასეთ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარული, მოწყალება, პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, შემწყნარებლობა, კაცთა შორის მშვიდობისკენ სწრაფვა, ქრისტიანულ სწავლებაზე დაფუძნებული ის ზნეობრივი ღირებულებებია, რომელთა არსიც დროის წარმავლობის მიუხედავად არ იცვლება.
დიდად მისასალმებელია, რომ ამ კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ მნიშვნელოვან ფასეულობებს, როგორებიცაა ოჯახის ინსტიტუტი, ტრადიციული ღირებულებები. ოჯახი არის ის გარემო, სადაც ადამიანი სწავლობს სიყვარულს, ერთგულებას, პასუხისმგებლობას, პატივისცემას და სხვაზე ზრუნვას. ოჯახი არამხოლოდ პირადი სივრცე, არამედ ზნეობის და ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს. დღეს საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება, რომ ეკლესიამ, საზოგადოებრივმა და სახელმწიფო ინსტიტუტებმა ურთიერთპატივისცემით შეძლონ მსჯელობა ასეთ თემებზე. ეს დიდად შეეწევა თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ქრისტიანულ სწავლების უფრო ღრმად გააზრებას, ოჯახის ინსტიტუტის მხარდაჭერას და მომავალი თაობების მიმართ პასუხისმგებლობის გაძლიერებას.
გისურვებთ კონფერენციის მუშაობა სწორედ ამ ხედვით წარიმართოს და კიდევ ერთხელ წარმოჩნდეს საქართველოს, როგორც ოცსაუკუნოვანი ქრისტიანული ისტორიის მქონე ქვეყნის ადგილი და მნიშვნელობა ევროპულ ცივილიზაციაში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთი მშვიდობისა იყავნ თქვენთანა“, - აღნიშნა შიო მესამემ სიტყვით გამოსვლისას.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრისა და საერთაშორისო კონსულტანტის, დოქტორ შაჰაბ იასრების საჯარო ლექცია გაიმართა
16.10.2026.17:12
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრის, საერთაშორისო კონსულტანტისა და გვირაბმშენებლობის სპეციალისტის, კანადური კომპანიის - “გეოტექნიკური ინჟინერია და მიწისქვეშა მშენებლობა” (Geomaple Geotechnics Inc - GGI) პრეზიდენტის, დოქტორ შაჰაბ იასრების საჯარო ლექცია გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, დოქტორმა იასრებმა საჯარო ლექციაზე ვრცლად ისაუბრა თუ როგორ შეუძლია სახელმწიფო საწარმოთა ჰიბრიდულ სისტემებს წარუმატებლობის რისკის შემცირება.
საჯარო ლექციაზე მკვლევარმა ვიზუალური მასალის თანხლებით განიხილა თანამედროვე გეოტექნიკური გამოწვევები და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები. მან მსმენელებს წარუდგინა კანადასა და სხვა წამყვან ქვეყნებში განხორციელებული რთული მიწისქვეშა პროექტების რეალური მაგალითები. პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა ნაჩვენები გვირაბების მშენებლობის პროცესში დაშვებული შეცდომები და მათი პრევენციის მექანიზმები. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გრუნტის სტაბილიზაციის უახლეს მეთოდებზე, რაც საგრძნობლად ამცირებს საინჟინრო რისკებს. ვიზუალური სქემების მეშვეობით სტუდენტები გაეცნენ, თუ როგორ მუშაობს მონიტორინგის ციფრული აპარატურა რეალურ დროში. ლექციამ ნათლად უჩვენა ახალგაზრდებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზი თანამედროვე ინფრასტრუქტურულ მშენებლობაში.
როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა აღნიშნა, დოქტორ შაჰაბ იასრებს მრავალწლიანი საერთაშორისო საინჟინრო გამოცდილება აქვს, რომელიც მან დიდი ენთუზიაზმით გაუზიარა სტუდენტებს. მისი თქმით, მსგავსი მასშტაბის ექსპერტებთან შეხვედრა უნიკალური შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის.
“დოქტორ შაჰაბ იასრებს 37-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს ღრმა თხრილების, ურბანული გვირაბმშენებლობის, გრუნტის გამაგრების, ხიმინჯებისა და კონსტრუქციული საყრდენი სისტემების, ფერდობების მდგრადობის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების, ხარისხის კონტროლის, საკონტროლო-გასაზომი აპარატურისა და მონიტორინგის, ასევე, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით. გარდა ამისა, მისი გამოცდილება მოიცავს აკადემიურ კვლევებს, საინჟინრო დაპროექტებას, მშენებლობასა და ტექნიკური რისკების მართვას. დოქტორი იასრები კითხულობდა ლექციებს და ატარებდა ტექნიკურ სემინარებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ეს საჯარო ლექცია მნიშვნელოვანის და ძალიან საინტერესოა ჩვენი სტუდენტებისთვის, რადგან ის ეხმარება მათ საერთაშორისო საინჟინრო სტანდარტების უკეთ აღქმაში. ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტთა პროფესიულ ზრდას, ამაღლებს მათ მოტივაციას, სძენს პრაქტიკულ ხედვას, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მკვლევრების კონკურენტუნარიანობას როოგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი მიზანია, მომავალ ინჟინრებს მივცეთ წვდომა უახლეს მიღწევებზე, ხოლო დოქტორ იასრების მსგავსი პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება საუკეთესო გზაა მათი დარგობრივი კომპეტენციის ასამაღლებლად”, - განაცხადა ზურაბ გვიშიანმა.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტები აქტიურად დაინტერესდნენ მიწისქვეშა ნაგებობების უსაფრთხოების ნორმებით და დასვეს კითხვები მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. დოქტორმა იასრებმა თითოეულ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, ახალგაზრდებს პრაქტიკული რეკომენდაციები მისცა და სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.