ატმისა და ვაშლატამის ექსპორტთან დაკავშირებული პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს - ლაშა დოლიძე
საქართველოში მიმდინარე სეზონზე ატმისა და ვაშლატამის მოსავალი, სავარაუდოდ, 17 000-18 000 ტონას მიაღწევს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ლაშა დოლიძის განცხადებით, საექსპორტო ფასი შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ხოლო გასულ კვირას ექსპორტთან დაკავშირებით არსებული შეფერხებები პრაქტიკულად აღმოფხვრილია.
„ატმისა და ვაშლატამის მოსავალი, დაახლოებით, 17 000-დან 18 000 ტონამდე იქნება. რაც შეეხება საექსპორტო ფასს, შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის და მხოლოდ მცირედი სხვაობა ფიქსირდება.
გასულ კვირას ექსპორტთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხებები დაფიქსირდა, თუმცა ეს პრობლემები პრაქტიკულად აღმოფხვრილია. პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს. თანდათანობით გადის ის პროდუქციაც, რომელიც საზღვარზე, მაცივრებში ინახებოდა. ვფიქრობ, ექსპორტის პროცესი ნორმალურად გაგრძელდება და შესაბამისი შედეგებით დასრულდება.
რაც შეეხება სახელმწიფოს მხარდაჭერას, სულ ცოტა ხნის წინ განახლდა და შეიცვალა აგროთანადაფინანსების პროგრამა. ატმისა და ვაშლატამის წარმოების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. გარდა ამისა, ვფიქრობთ, სპეციალური ღონისძიებები გავატაროთ ცოდნის გავრცელების მიმართულებით, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, მოვიძიოთ უკეთესი გასაღების ბაზრები და ვაწარმოოთ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია” - განაცხადა ლაშა დოლიძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია სოფელ ცაიშის ტერიტორიაზე „ქუთაისი - სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 600-მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს
16.09.2026.10:56
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცაიშის ტერიტორიაზე „ქუთაისი–სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 600-მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
კორპორაციის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში, შალვა კიკნაველიძე ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაო პროცესებს, დეტალური ინფორმაცია მიიღო პროექტის მსვლელობის, უსაფრთხოების სტანდარტებისა და დასრულების ვადების შესახებ.
პროექტის ფარგლებში, მაგისტრალური გაზსადენის კოროზირებული და ამორტიზებული მონაკვეთი სრულად ჩანაცვლდება ახალი, 500 მმ დიამეტრის მილებით.
აღნიშნული გაზსადენი გადამწყვეტ როლს ასრულებს სამეგრელოს რეგიონის ბუნებრივი აირით მომარაგებაში. შესაბამისად, მისი გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.