ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს
მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი საჰაერო მიმოსვლას ჰერაკლიონი - თბილისი - ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანიის ახალ პირდაპირ მიმართულებაზე ფრენები 6 ივლისიდან 22 სექტემბერის ჩათვლით კვირაში 1 სიხშირით, ყოველ სამშაბათს შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.
Sky Express-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2024 წელს შემოვიდა. დღეისათვის ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ათენი - თბილისი - ათენის მიმართულებით ასრულებს. ჰერაკლიონი - თბილისი ავიაკომპანია Sky Express-ისთვის ახალი მიმართულებაა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მგზავრთნაკადის მზარდი დინამიკით გამოირჩევა. გასულ წელს, საქართველოსა და საბერძნეთს შორის პირდაპირი საჰაერო გზით 284 858 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 29%-ით აღემატება ორ ქვეყანას შორის 2024 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (220 776). მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და საბერძნეთს შორის ფრენებს ავიაკომპანიები - ეგეოსის ავიახაზები, სქაი ექსპრესი და ვიზ ეარი კვირაში 19 სიხშირით შეასრულებენ.
სხვა სიახლეები
თბილისის მერია ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებ 28 ოჯახს სასტუმროებში განათავსებს
19.11.2026.16:56
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურმა, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად, შეამოწმა ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგრადობა და დადგინდა, რომ მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური, კორპუსის დანარჩენი ნაწილი კი საცხოვრებლად ვარგისია.
მისი თქმით, აღნიშნულ სადარბაზოებში მცხოვრები 28 ოჯახი თბილისის მერიას სასტუმროებში გადაყავს და ასზე მეტ ადამიანს ექვს სასტუმროში განათავსებს.
„მერიის შესაბამისმა სამსახურმა, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად, დაასრულა კორპუსის შემოწმება მდგრადობაზე. მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური - უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა, ასევე, მის გვერდით არსებული სადარბაზო. დანარჩენი, მთლიანი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად და ადამიანებს შეუძლიათ, ცხოვრება გააგრძელონ. ჩვენ თავიდან გვქონდა მზაობა, რომ მთელ კორპუსში მცხოვრები 90 ოჯახი გაგვეყვანა და მოგვეთავსებინა სასტუმროებში, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის. მხოლოდ 28 ოჯახზეა საუბარი. ასზე მეტი ადამიანია, რომლებთან გვქონდა უშუალო კომუნიკაცია და ყველამ განაცხადა თანხმობა. ეს ადამიანები გადანაწილებული იქნებიან სხვადასხვა სასტუმროში და ყველანაირი დახმარება, რაც იქნება საჭირო და აუცილებელი, ჩვენი მხრიდან იქნება გაკეთებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ადგილზე რჩებიან ყველა უწყების და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები.