ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ჯარიმები იზრდება
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 68 ხმით - ერთხმად მიიღო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები, რომლის თანახმად ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ჯარიმები იზრდება.
მოქმედი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, 50 ლარის ოდენობით ჯარიმდება. კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით კი, თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას: ფიზიკური პირი დაჯარიმდება 150 ლარის ოდენობით ხოლო, იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 300 ლარის ოდენობით.
იმავე პრინციპის შესაბამისად, თუ ზემოთხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა აღნიშნული გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
იგივე სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ხოლო იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.