აზერბაიჯანის რკინიგზა მუშაობს ბაქო - თბილისის მიმართულებით დამატებითი სერვისის ამოქმედებაზე, რომლისთვისაც საზღვრისა და საბაჟო პროცედურების დაჩქარებაა დაგეგმილი | დეტალები
აზერბაიჯანის რკინიგზამ (ADY), რომელიც AZCON Holding-ის შემადგენლობაში შედის, ქართულ მხარესთან საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების დაჩქარებისა და შუა დერეფნის როლის გაძლიერების მიზნით კონკრეტულ ღონისძიებებზე შეთანხმებას მიაღწია. მხარეებმა განიხილეს საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო დროის შემცირება, სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების ეფექტიანობის გაუმჯობესება, სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარება და რკინიგზებსა და სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის საბაჟო სამსახურებს შორის, ციფრული მონაცემთა გაცვლის გაფართოება.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად სარკინიგზო ვაგონების ტექნიკური შემოწმების ახალი სქემის დანერგვა განისაზღვრა, რომელიც განმეორებით და ზედმეტ შემოწმებებს გამორიცხავს. ახალი წესის მიხედვით, აზერბაიჯანიდან საქართველოში მიმავალი მატარებლების შემოწმება მხოლოდ ბოიუქ-ქასიქის სადგურზე განხორციელდება, ხოლო საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მატარებლების შემოწმება - თბილისის კვანძურ სადგურზე.
ამასთან, ADY-ის ელექტროვაგონმავლებს შესაძლებლობა ექნებათ, ბოიუქ-ქასიქი–თბილისი–ბოიუქ-ქასიქის მარშრუტზე მატარებლისგან გადაბმის გარეშე იმოძრაონ. ახალმა სისტემამ ტესტირება უკვე გაიარა და მოსალოდნელია, რომ აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის გადაკვეთისთვის სატვირთო მატარებლების საჭირო დროს გაანახევრებს.
ADY ასევე მუშაობს ბაქო–თბილისის მიმართულებით დამატებითი სერვისის ამოქმედებაზე, რომლისთვისაც საზღვრისა და საბაჟო პროცედურების დაჩქარებაა დაგეგმილი.
კომპანია აგრძელებს ბოიუქ-ქასიქის დერეფნის გასწვრივ ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, მათ შორის სასაზღვრო გადასასვლელის გამტარუნარიანობისა და მატარებლების დამუშავების შესაძლებლობების გაზრდას, ასევე ციფრული მართვის სისტემების დანერგვას.
აღნიშნული ღონისძიებების მიზანია ტრანზიტისთვის საჭირო დროის შემცირება, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და რეგიონში აზერბაიჯანის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის, პოზიციის გაძლიერება.
სხვა სიახლეები
ქვეშეთი–კობის გზაზე 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
05.10.2026.14:29
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი–კობის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს თაღოვანი ხიდის მშენებლობა, რომლის სიგრძე 400 მეტრზე მეტია, ხოლო სიმაღლე ხეობის ფსკერიდან - 166 მეტრი. ხიდის თაღის სიგრძე 300 მეტრია და ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს.
თაღოვანი ხიდი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობაა. თაღის ორი ნაწილის შეერთება ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება. თაღის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასზე ხიდის ბურჯები, შემდეგ კი მალის ნაშენი მოეწყობა.
ქვეშეთი–კობის პროექტი ითვალისწინებს 23 კილომეტრიანი, ორზოლიანი ასფალტბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას, ასევე ერთი არსებული ხიდის რეაბილიტაციას. ხუთი ახალი ხიდიდან ოთხზე სამუშაოები მიმდინარეობს, ერთის მშენებლობა კი დასრულებულია.
დასრულებულია 9 კილომეტრიანი ძირითადი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბების გაჭრა. ძირითად გვირაბში დასრულებულია სავენტილაციო ფილების დამზადება, ხოლო საევაკუაციო გვირაბში - რკინაბეტონით მოპირკეთება. ამ ეტაპზე ელექტრომექანიკური სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ასევე დასრულებულია 1,5 კილომეტრიანი და 500 მეტრიანი გვირაბების გაყვანა და რკინაბეტონით მოპირკეთება.
ახალი გზა კობის მიმართულებით გადაადგილების უსაფრთხოებასა და საიმედოობას გაზრდის და ზამთარში მოძრაობის შეზღუდვის პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ხადის ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობისთვის გაუმჯობესდება მთელი წლის განმავლობაში გადაადგილებისა და საჭირო მომსახურებებზე წვდომის შესაძლებლობა.
პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტის, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს.