აზიის განვითარების ბანკთან წელს არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ვგეგმავთ ხელი მოვაწეროთ ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პროექტების დაფინანსებას - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
„აზიის განვითარების ბანკთან მიმდინარეობს მუშაობა და წელს არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ვგეგმავთ ხელი მოვაწეროთ ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პროექტების დაფინანსებას, რომელსაც სრულად განახორციელებს აზიის განვითარების ბანკი და რომელიც მოიცავს, როგორც საგზაო, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან ისაუბრა აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან და ბანკის ხელმძღვანელ პირებთან გამართული შეხვედრების შესახებ.
ლაშა ხუციშვილის თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგებს. ასევე, იმ პროექტებს, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი ახორციელებს საქართველოში.
„ამ მიმართულებით, აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი მოწინავეა საფინანსო ინსტიტუტებს შორის, რომელსაც ქვეყანაში განხორციელებული აქვს 6 მილიარდამდე ინვესტიცია და მიმდინარე, არსებული პროექტების ღირებულება 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ბანკის პრეზიდენტის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს ცენტრალურ როლს შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით და დადასტურდა მხარდაჭერა ბანკის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების კუთხით იმისათვის, რომ საქართველოს როლი კიდევ უფრო გამოიკვეთოს და მათ შორის, განხორციელდეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები ინფრასტრუქტურის მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.