აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სიტყვით გამოვიდა ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, სიტყვით გამოვიდა ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაზე.
გამოსვლისას, მან ისაუბრა ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, რომელიც უკავშირდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ძირითადი ნაწილის მშენებლობის დასრულებას, საგზაო, სარკინიგზო, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის, ასევე, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის შემდგომი გაძლიერების დღის წესრიგს.
„წლევანდელი დიალოგის თემა „ხვალინდელი დღის ინფრასტრუქტურა: ზეგავლენა და ინოვაცია," კარგად ასახავს საერთო შეხედულებას, რომ ინფრასტრუქტურა აღარ იზომება მხოლოდ ჩვენ მიერ აშენებული გზებით, ხიდებითა, თუ ენერგოსისტემებით. კლიენტებისთვის მომსახურების გაღრმავებისა და გაფართოების მიზნით მასშტაბების გაზრდას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს არსებული საჭიროებების ფონზე, რათა შეიქმნას ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც აერთიანებს რეგიონებს და უზრუნველყოფს ღირებულებათა ჯაჭვების შეუფერხებელ ფუნქციონირებას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში, საშუალოდ, 9.3%-ზე მეტით გაიზარდა. ამასთან, ქვეყანამ უსაფრთხო დონეზე შეინარჩუნა ყველა ფისკალური პარამეტრი, ხოლო კაპიტალური ხარჯები - მაღალ ნიშნულზე.
ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა AIIB-ის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ბანკის როლის გააქტიურებაზე.
მან მადლობა გადაუხადა კატარის მთავრობასა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის გუნდს ფორუმის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის, ხოლო AIIB-ის ახალ პრეზიდენტს ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით ჩატარებისთვის.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.