ბაკურიანისა და მიმდებარე დასახლებების სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში, ბაკურიანისა და მისი მიმდებარე დასახლებების სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, სადაც გეგმის მეოთხე ეტაპისთვის მომზადებული მასალები და შემდგომი სამუშაოების მიმართულებები განიხილეს, ასევე იმსჯელეს ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიისა და დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი გეგმების შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. ყურადღება დაეთმო გეგმის ფარგლებში მომზადებულ გრაფიკულ მასალებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათი დეტალური განხილვა და ანალიზი მნიშვნელოვანია ტერიტორიის განვითარების ადგილობრივი საჭიროებებისა და პრიორიტეტების უკეთ განსაზღვრისთვის.
შეთანხმების შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო მუნიციპალიტეტს ბაკურიანისა და მიმდებარე დასახლებების დეტალურ რუკებს მიაწვდის. მუნიციპალიტეტი მიღებულ მასალებს შეისწავლის და სააგენტოს გეგმის შემდგომი მომზადებისთვის შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს წარუდგენს.
ბაკურიანისა და მიმდებარე დასახლებების სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება მნიშვნელოვანია ტერიტორიის განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოსაყალიბებლად, არსებული სივრცითი თავისებურებების, ინფრასტრუქტურული საჭიროებებისა და განვითარების შესაძლებლობების გათვალისწინებით. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა დაგეგმარების პროცესში ხელს უწყობს დოკუმენტში მუნიციპალიტეტის და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესების ასახვას.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე, საკრებულოს წარმომადგენლები, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური, „ნიუ სითი დეველოფმენთის“ დირექტორი ვახტანგ პაპავაძე და ბაკურიანის სივრცის დაგეგმარების გეგმაზე მომუშავე გუნდის წევრები.
სხვა სიახლეები
ComCom-ის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ EPRA-ს 64-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
16.10.2026.11:36
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 64-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე განიხილეს თანამედროვე მედიაგარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა - მედიის მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირება, მისი გავლენა საინფორმაციო გარემოზე და ამ გამოწვევაზე მარეგულირებელი ორგანოების რეაგირების გზები.
თემატური სესიების ფარგლებში მონაწილეებმა მედიის მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცების, ციფრული პლატფორმების როლისა და არსებულ გამოწვევებზე რეაგირებისთვის ეფექტიანი მარეგულირებელი სტრატეგიების შემუშავების საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრისას მონაწილეებმა გააზიარეს მედიის მიმართ ნდობისა და ონლაინ სივრცეში არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებული პრაქტიკული მაგალითები, მიმოიხილეს EPRA-ს თემატური სამუშაო ჯგუფების საქმიანობა და ასევე, იმსჯელეს პლატფორმის 2027–2029 წლების სტრატეგიაზე. გაიმართა დისკუსია EPRA-ს მუდმივი დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.
EPRA-ს 64-ე შეხვედრა, რომელიც ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაიმართა, წევრ მარეგულირებელ ორგანოებსა და პლატფორმის დამკვირვებლებს შორის აუდიოვიზუალურ სფეროში სიახლეებისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე თანამშრომლობის საკითხების განხილვას ემსახურებოდა. შეგახსენებთ, რომ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმა (EPRA) მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ქსელია, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა და 47 ქვეყნის 56 მარეგულირებელ ორგანოს აერთიანებს. საქართველო EPRA-ს ქსელს 2013 წელს შეუერთდა.