ბაკურციხე-წნორის ახალი 18 კმ-იანი მაგისტრალური გზა გაიხსნა
ბაკურციხე-წნორის ახალი 18 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა და გზა ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა.
აშენდა 18 კმ-იანი ასფალტ-ბეტონის 2-ზოლიანი მაგისტრალური გზა, 6 ხიდითა და გარე განათების სისტემით, სადაც, საქართველოში პირველად, გამოყენებულია ენერგოეფექტური მზის პანელები
ბაკურციხე-წნორის გზა, ალაზნის ველის მხარეს აშენდა და საერთაშორისო მაგისტრალური საგზაო მარშრუტის - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვარი - შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
ახალი გზა გვერდს უვლის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს: ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგას, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს.
ახალი გზის გახსნამდე, ავტოტრანსპორტი მოძრაობდა 7 მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში და გამოირჩეოდა მაღალი ინტენსივობითა და მზარდი საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობით. შესაბამისად, არ იყო უზრუნველყოფილი საგზაო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საგზაო მოძრაობის ნორმები.
დღეიდან ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფლებში გავლა. სატრანსპორტო ნაკადები გადაინაცვლებს ბაკურციხე-წნორის მაგისტრალურ გზაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების სტანდარტს.
საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული ბაკურციხე-წნორის ახალი მაგისტრალური გზა სამჯერ ამცირებს გადაადგილების დროს და 2.5-ჯერ ზრდის ავტოტრანსპორტის გამტარობას.
ბაკურციხე-წნორის მაგისტრალური გზის მშენებლობა საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 87.8 მილიონი შეადგინა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
08.06.2026.18:45
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის პროექტებს, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) პარტნიორობით, საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილ პარტნიორობას.
მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელებისთვის.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი ჰუგო დებრუა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფანი დელპი.