ბალდის კანიონის ინვესტორისთვის გამოწერილი ექვსივე ჯარიმა სასამართლომ ბათილად სცნო
სასამართლომ კომპანია „კანიონი 350-ის“ წინააღმდეგ ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოწერილ ოქმებში გათვალისწინებული ჯარიმები ბათილად ცნო. ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგე ჯგუფის არაერთი მცდელობისა და აქტიურობის მიუხედავად, კომპანიას ჯარიმები არ დაეკისრა.
აღსანიშნავია, რომ გამოწერილი 6 ოქმიდან 3 იდენტური გახლდათ, შინაარსობრივად კი, ყველა მათგანი აბსურდული იყო.
პირველი ჯარიმა „სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვებას“ ეხებოდა. ინვესტორის შესვლამდე იქ გზა იყო შეჭრილი და მიწა ხევისკენ იყო გადაყრილი. როდესაც კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული ბილიკის მოწყობა დაიწყო, ნაყარი მიწა დაიძრა, რაც მუშაობასაც დასამომავლოდ, გადაადგილებასაც საფრთხეს უქმნიდა. ამის თავიდან ასაცილებლად, „კანიონი 350-მა“ კედლის გამაგრება გადაწყვიტა. ფუნდამენტისთვის ამოთხარეს მიწა, რომელიც ფუნდამენტის ჩასხმის შემდეგ უკანვე მიაყარეს. პროტესტის -აქტივისტები კი, ცდილობდნენ, წარმოეჩინათ, თითქოს, კომპანია წიაღისეულს მოიპოვებდა და აქედან რაიმე სარგებელს ნახულობდა.
მეორე ჯარიმა „მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-გადაადგილების“ ბრალდებას უკავშირდებოდა. აღსანიშნავია, რომ მონაკვეთი, რომელზეც ეს ჯარიმა გამოიწერა, უკვე კომპანიის საიჯარო ტერიტორიაში შედის და ფაქტობრივად, არც უნდა გამოწერილიყო. ამბავი მოკლედ ასეთია - საიჯარო ტერიტორიას და გზას შორის სატყეო მეურნეობის მიწის პატარა, რამდენიმემეტრიანი მონაკვეთი მდებარეობს. ამ მონაკვეთზე პროექტით განსაზღვრული ბილიკი მოეწყო, რისთვისაც სამუშაოები ყოველგვარი დარღვევის გარეშე, დადგენილი სტანდარტის მიხედვით განხორციელდა.
მესამე ჯარიმა, რომელიც, საერთო ჯამში, 4-ჯერ დაფიქსირდა, ალბათ, ყველაზე უკეთ გამოხატავს, თუ, რეალურად, რა მდგომარეობაში არიან პროექტის მოწინააღმდეგეები - როცა შინაარსობრივად ვერაფერზე დაობენ, ხავსს ეჭიდებიან და თავში ისეთი აზრები მოსდით, რომელთაც, მათ გარდა, ვერავინ მოიფიქრებს. ამ შემთხვევაში, ჯარიმა „სახელმწიფო ტყის ფონდის უკანონო დაკავებაზე“ გამოიწერა. კომპანიას ადგილამდე მოჰქონდა სამუშაოებისთვის საჭირო მასალა, რომელსაც, ბუნებრივია, პირდაპირ კანიონში ვერ ჩაყრიდა. ადგილზე ცლიდნენ და შემდეგ მუშებს შიგნით, ტეროტორიაზე შეჰქონდათ. მსგავს ჯარიმას დაგიწერენ თითოეულ თქვენგანს, მაგალითად, სატვირთოთი სახლში გასათბობად მოტანილი შეშა მანქანიდან რომ ჩამოცალოთ, რათა შემდგომ სახლში შეიტანოთ. თუ ჩამოცლის პროცესში თქვენი მეზობელი ზედამხედველობის სამსახურს გამოიძახებს, თქვენც დაჯარიმდებით, მაგრამ, ცხადია, ამას არცერთი მეზობელი არ აკეთებს, რადგან აბსურდია და თავისი ქცევის გამო, სამომავლოდ თქვენიც შერცხვება და სხვა მეზობლებისაც. თუმცა, ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებს თავში ისეთი აზრები მოსდით, რაც სხვას არავის მოუვა.
და ბოლოს, რა უნდა ექნა კომპანიას ამ ყველაფერის თავიდან ასარიდებლად (იმის გათვალისწინებით, რომ ადგილზე პროტესტის ჯგუფია ჩასაფრებული და ზედამხედველობის სამსახურს არარსებულ მიზეზებზეც კი იძახებენ )?
პირველ შემთხვევაში, მომუშავე პერსონალის და მომავალი ვიზიტორების უსაფრთხოების ნორმებიუნდა უგულებელეყო; მეორე შემთხვევაში - პროექტით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით დადგენილი სამუშაოების შესრულებაზე უარი უნდა ეთქვა; მესამე შემთხვევაში კი, სამშენებლო მასალა პირდაპირ ხევში ჩაეყარა. სხვა ყველა შემთხვევაში, ჩასაფრებული „მეზობლების“ წყალობით, ეს ჯარიმები გამოიწერებოდა.
საბედნიეროდ, სასამართლო რეალობაზე დაყრდნობითა და ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობს და არა პროტესტის ჯგუფის ინტერპრეტაციით, რომელიც ყოველთვის დამახინჯებულია. თუმცა, სამწუხაროდ, მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რომელსაც მიზანმიმართულად შეცდომაში შეყავს ადგილობრივი მოსახლეობა, დღემდე აზიანებს მათ ინტერესებს, და ხელს უშლის განხორციელდეს პროექტი და სოფელი განვითარდეს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.