ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასება მოხდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით, შეიქმნა სპეციალური დროებითი კომისია, რომელიც ადგილზე გაეცნობა და მოახდენს ბალდისკანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას. ბალდის კანიონზე, კომისიის წევრებთან ერთად, საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გეგმავენ ჩასვლას.
ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემუშავების ვალდებულება სამინისტროსა და სააგენტოს არ აქვს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და დაცული ტერიტორიების საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო, ექსპერტების ჩართულობით, უზრუნველყოფს მიმდინარე პროექტის ბალდისკანიონის ბუნების ძეგლზე წარმოდგენილ ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას.
სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობის იმ ჯგუფის მიერ, რომელიც აპროტესტებს ბალდის კანიონის განვითარების პროექტს, უკვე არაერთხელ დაფიქსირდა დესტრუქციული ქმედება. მათ შორის, ქალაქ მარტვილში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრის ჩაშლის დროს და, ასევე, ბალდის კანიონის მიმდებარედ, მდინარე აბაშის დათევზიანების გეგმურ ღონისძიებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული ზემოაღნიშნულ პროექტთან. ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო იტოვებს იმედს, რომ ბადლის კანიონის ტერიტორიაზე დროებითი კომისიის დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც ითვალისწინებს ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასებას, ჩაივლის მშვიდ, სამუშაო გარემოში და არცერთი მხარე არ შეეცდება პროცესებისათვის ხელის შეშლას და სხვა დესტრუქციულ ქმედებებს.
აქვე, კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ ბალდის კანიონის განვითარების პროექტის მიზანია - საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნა სამეგრელოს რეგიონში - პირველი როლერის ატრაქცია საქართველოში (კავკასიაში), რომლითაც სრულად სარგებლობას შეძლებენ შშმ პირები.
შესაბამისად, ამ მართლაც უნიკალურ ადგილს, რომლის უდიდესი ნაწილი ვიზიტორებისთვის მიუწვდომელი იყო, მთელი ქვეყანა და მსოფლიო გაიცნობს. ამასთანავე, ეს პროექტი ადგილობრივების ცხოვრებაზე იქონიებს მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას, ისევე როგორც ეს მოხდა მარტვილის კანიონისა და სხვა ბუნების ძეგლების შემთხვევაში, რომელთა განვითარებაზეც წლების განმავლობაში მუშაობს დაცული ტერიტორიების სააგენტო.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.