ბანკებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები გარკვეულ შეღავათებზე, ქეშბექის პოლიტიკით საზოგადოება მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან განსაზღვრულ ტარიფთან შედარებით იაფად შეიძენს სასკოლო ფორმებს - გივი მიქანაძე
ბანკებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები გარკვეულ შეღავათებზე, ქეშბექის პოლიტიკით საზოგადოება მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან განსაზღვრულ ტარიფთან შედარებით იაფად შეიძენს სასკოლო ფორმებს, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, პირველკლასელთა ფორმები საცალო ფორმატში პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიყიდება და ქეშბექის პოლიტიკით საზოგადოება მეტ სარგებელს მიიღებს.
„ონლაინპლატფორმის, ისევე როგორც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ კონკრეტულმა ბანკებმა წარადგინეს ქეშბექ პოლიტიკა, სხვადასხვა ბანკს სხვადასხვა აქვს. მომხმარებელმა თვითონ უნდა აირჩიოს, როგორ გააკეთებს შენაძენს. ბანკებთან მოლაპარაკებები ვაწარმოეთ, რომ მათ გარკვეული შეღავათები დაეწესებინათ. ქეშბექის პოლიტიკით საზოგადოება კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან შედარებით იაფად შეიძენს ამ ფორმებს, ვიდრე ეს განსაზღვრული არის იმ ტარიფით, რომელიც მოგებაზე არ არის ორიენტირებული“, – აღნიშნა მიქანაძემ.
მინისტრმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ ფორმის უფასოდ გადაცემის ჩამონათვალს კიდევ ერთი კატეგორია დაემატა.
„პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, შესაბამის სამთავრობო დადგენილებაში ჩვენ შევიტანეთ ცვლილება რამდენიმე დღის უკან, რომლითაც უფასო ფორმის გადაცემის ჩამონათვალში დაემატა კატეგორია, 65 001-დან 120 001 ქულამდე თუ არის ოჯახი შეფასებული და ამ ოჯახს აქვს მრავალშვილიანის სტატუსი, ჰყავს პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლე, ასეთი ოჯახის პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეები, ბიჭის შემთხვევაში მიიღებენ უფასოდ ერთ პიჯაკს და ორ შარვალს, ხოლო გოგონას შემთხვევაში – ერთ პიჯაკს, ერთ ქვედაბოლოს და ერთ შარვალს“, – აღნიშნა მიქანაძემ.
სხვა სიახლეები
პოპულარულმა პოლონურმა გამოცემამ Onet Podróże ბათუმზე სტატია გამოაქვეყნა
24.08.2026.18:08
პოლონეთის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სამოგზაურო ონლაინგამოცემამ Onet Podróże აჭარის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც მკითხველს რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს, ეკოტურისტულ მიმართულებებსა და ბათუმში აქტიური დასვენების შესაძლებლოებს აცნობენ. გამოცემის შეფასებით, სანაპიროდან მცირე მანძილზე გადაადგილებაც საკმარისია, რომ მოგზაურმა სრულიად განსხვავებული აჭარა აღმოაჩინოს — მთებით, ჩანჩქერებით, ტყეებით, პანორამული ხედებითა და სალაშქრო მარშრუტებით.
„ერთი მხრივ, აჭარა გვთავაზობს ბათუმს - თანამედროვე ზღვისპირა ქალაქს ბულვარით, პლაჟებით, რესტორნებითა და შავი ზღვის კურორტისთვის დამახასიათებელი ენერგიით. მეორე მხრივ, ცენტრიდან მოკლე მანძილზე გასვლაც საკმარისია, რომ ლანდშაფტი მკვეთრად შეიცვალოს: ჩნდება მწვანე ხეობები, მთის გზები, ჩანჩქერები, სუბტროპიკული ტყეები და სოფლები, სადაც ცხოვრების რიტმს ბუნება, სტუმართმოყვარეობა და ადგილობრივი ტრადიციები განსაზღვრავს“ ნათქვამია სტატიაში.
Onet Podróże განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რეგიონის ბუნებრივ მრავალფეროვნებაზე და მკითხველს აცნობს იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შეტანილ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს, მტირალას, მაჭახელასა და კინტრიშის ეროვნულ პარკებს, ასევე ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, როგორც ეკოტურიზმისა და ლაშქრობისთვის გამორჩეულ ადგილებს.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ „ბათუმი შეიძლება იყოს არა მხოლოდ მიმართულება მათთვის, ვისაც პლაჟზე დასვენება სურს, არამედ კომფორტული საწყისი წერტილი ლაშქრობისთვის, ფრინველებზე დაკვირვებისთვის, ეროვნული პარკების აღმოჩენისა და ადრენალინით სავსე აქტივობების გამოცდისთვის.“
გამოცემა ასევე ყურადღებას ამახვილებს ბათუმის რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების უნიკალურ შესაძლებლობებზე და აჭარის სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებზე, მათ შორის ჩირუხის ორზოლიან ზიპლაინზე, რომელიც ევროპაში ყველაზე გრძელ ორმაგ ზიპლაინად არის მიჩნეული.
სტატიის დასასრულს Onet Podróże წერს: „ბათუმი მოგზაურობის დასასრული კი არ არის, არამედ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილისკენ მიმავალი კარიბჭეა.“
Onet Podróże პოლონეთის უმსხვილესი მედია პლატფორმის Onet-ის სამოგზაურო გამოცემაა და ყოველთვიურად დაახლოებით 5–6 მილიონ უნიკალურ მკითხველს აერთიანებს. მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო მედიის მხრიდან ბათუმისა და აჭარის ტურისტული პოტენციალის გაშუქება რეგიონის პოპულარიზაციისა და პოლონეთის ბაზარზე ცნობადობის ზრდისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.