ბაქოდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა
6 წლიანი პაუზის შემდეგ, დღეს დილით 08:41-ზე ბაქოდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა. მგზავრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, ლაშა აბაშიძე დახვდნენ.
საქართველოს რკინიგზამ პირველ მგზავრებს ბაქანზე ქართული ნუგბარი და ღვინო დაახვედრა. ლაშა აბაშიძის განმარტებით, ბაქო-თბილისი-ბაქოს შორის რეისები ყოველდღიურად შესრულდება. ,,ბაქოსა და თბილისს შორის სამგზავრო მიმოსვლის აღდგენა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და სტრატეგიული გადაწყვეტილება. დღეიდან ჩვენს განრიგში ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისია. მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მგზავრების მხრიდან საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მოყვა.“ - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
ახლადდანიშნულ რეისზე აზერბაიჯანის რკინიგზის კუთვნილი Stadler-ის ტიპის მატარებელი იმოძრავებს. მატარებელი ბაქოდან თბილისის მიმართულებით 23:10-ზე გამოვა და თბილისში მეორე დღეს 08:41-ზე ჩამოვა, ხოლო თბილისიდან ბაქოს მიმართულებით მატარებელი 21:00-ზე გავა და ბაქოში მეორე დღეს 06:24-ზე ჩავა.
სხვა სიახლეები
თამარ იოსელიანმა ფოთში საზღვაო თემატიკის მიხედვით მოწყობილი შემეცნებით-გასართობი სივრცეები დაათვალიერა
26.05.2026.21:03
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, 26 მაისს ქალაქ ფოთში საზღვაო თემატიკის მიხედვით შექმნილი შემეცნებით - გასართობი სივრცეები დაათვალიერა.
მინისტრის მოადგილემ ფოთელებს და მთლიანად საქართველოს 26 მაისი მიულოცა. "ეს დღე განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. დღეს მქონდა პატივი, 26 მაისი აღმენიშნა ფოთელებთან და საქართველოს საზღვაო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად. ეს სიმბოლურია, რადგან ფოთის ისტორია განუყოფელია საქართველოს სახელოვან საზღვაო წარსულთან. ამავე დროს, ფოთის გარეშე წარმოუდგენელია საუბარი საქართველოს თანამედროვე საზღვაო ინდუსტრიის განვითარებაზე. მინდა მთელ საქართველოს მივულოცო როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, ასევე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ფოთის ცენტრში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ფოთის საზღვაო სასწავლებლის მიერ მოეწყო სივრცე, სადაც ზღვა, თავისუფლება და ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობა ერთ კონცეფციად გაერთიანდა. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საზღვაო სამყაროს სიმბოლოები და პროფესიები ინტერაქტიულად აღმოეჩინათ სხვადასხვა საზღვაო შემეცნებით სივრცესა თუ თამაშებში.
მცირეწლოვან ფოთელებს განსაკუთრებით მოეწონათ თამაში "უსაფრთხო ნავიგაცია", ასევე ფოტოზონა "მე პატარა მეზღვაური ვარ". მუდამ ხალხმრავლობა იყო აფრიანი ნავის მახლობლად, რომელიც მოთავსებული იყო ზღვის იმიტაციის პლატფორმაზე, აგრეთვე ე.წ. სომულატორის ზონაში, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ეცადათ გემის მართვა.
ბათუმის საზღვაო აკადემიის კადეტებმა სტუმრებს საზღვაო სფეროს მრავალფეროვანი შესაძლებლობები გააცნეს, ხოლო ბათუმის საზღვაო აკადემიის კადეტთა მუსიკალურმა ბენდმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების სიმბოლურ დროს, 17:10 საათზე, ქვეყნის სხვა ქალაქებთან ერთად, ფოთშიც საქართველოს ეროვნული ჰიმნი ცოცხალი შესრულებით შესრულდა.