ბათუმი - სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობა იწყება
საქართველოს აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის - ბათუმი - სარფის ახალი გზის მშენებლობა იწყება. 11.3 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობის შესახებ შესაბამის ხელშეკრულებას , ხელი მოეწერა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
ხელშეკრულება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია China Railway Tunnel Group Co., Ltd-ს (CRTG) შორის გაფორმდა.
ბათუმი–სარფის ახალი გზა, საქართველოს აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალური დერეფნის დასავლეთის ბოლო მონაკვეთია. ის ბათუმის შემოვლით მაგისტრალურ გზას, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო საზღვართან დააკავშირებს და ქვეყნის გავლით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.
აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალი შუა დერეფნის ერთ-ერთი ძირითადი სატრანსპორტო არტერიაა. წითელი ხიდი - თბილისი - სარფის მიმართულება, შავი ზღვის პორტებთან და საქართველოს სახმელეთო საზღვრებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანზიტო ქსელში, შესაბამისად, მაგისტრალის განვითარება ზრდის საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს და აძლიერებს ქვეყნის სატრანსპორტო კავშირებს შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიის, თურქეთისა და ევროპის მიმართულებით.
ბათუმი–სარფის პროექტი ითვალისწინებს 11.3 კმ სიგრძის 2-ზოლიანი მაგისტრალური გზის, 7.6 კმ სიგრძის გვირაბისა და 3 ხიდის მშენებლობას. მათ შორის მოეწყობა 1.47 კმ სიგრძის სახიდე გადასასვლელი. პროექტის ფარგლებში, ასევე აშენდება ზღვის ნაპირის დამცავი 500-მეტრიანი ნაგებობა.
7.6 კმ სიგრძის ბათუმი - სარფის გვირაბი, ქვეშეთი - კობის 9 კმ-იანი მთავარი გვირაბის შემდეგ, საქართველოში სიგრძით მეორე საავტომობილო გვირაბი იქნება.
ახალი გზა ბათუმის შემოვლით მაგისტრალს უშუალოდ დაუკავშირდება. შედეგად, საერთაშორისო და სატრანზიტო მოძრაობა აჭარის მჭიდროდ დასახლებული და საკურორტო ზღვისპირა ზოლიდან ახალ გზაზე გადაერთვება. ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს არსებულ გზას და საკურორტო ზონას, გაზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას, გააუმჯობესებს გადაადგილების პირობებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის, ასევე საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებისთვის.
პროექტის განხორციელების ვადა, სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 48 თვეა, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება 809 009 547.18 ლარს შეადგენს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.
ბათუმი–სარფის მონაკვეთის მშენებლობა აღმოსავლეთ–დასავლეთის E60 - E70 ჩქაროსნული მაგისტრალის განვითარების ერთიანი პროცესის ნაწილია. მაგისტრალის 428.35 კმ-დან, დღეისათვის უკვე გახსნილია 324.75 კმ.
აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის სრულად განვითარება გაზრდის გზის გამტარუნარიანობას და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს, შეამცირებს მგზავრობის დროს, გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და შექმნის თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურას საერთაშორისო გადაზიდვებისთვის.
სხვა სიახლეები
ბათუმი-სარფის პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს სატრანზიტო დერეფნის, ისე აჭარის განვითარებისთვის l რევაზ სოხაძე
09.09.2026.16:57
„დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. საუბარია ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობაზე. ეს არის პროექტი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების, ისე აჭარის რეგიონის შემდგომი განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად ათვისების თვალსაზრისით“, — ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის — ბათუმი-სარფის 11.3 კილომეტრიანი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა.
მინისტრის განცხადებით, პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია 7.6 კილომეტრის სიგრძის გვირაბი, რომელიც ქვეშეთი-კობის გვირაბის შემდეგ საქართველოში სიგრძით მეორე იქნება.
„გამარჯვებულ კომპანიას ქვეშეთი-კობის გვირაბის გაჭრის გამოცდილებაც აქვს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან საუბარია რთულ და მასშტაბურ საინჟინრო პროექტზე. ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა როგორც სამუშაოების ხარისხს, ისე განსაზღვრული ვადების დაცვას”, — აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, ახალი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს გონიო-კვარიათის მიმართულებას, სადაც ადგილობრივ და ტურისტულ მოძრაობასთან ერთად ინტენსიური სატრანზიტო ნაკადიც გადაადგილდება.
„ახალი გზის მშენებლობის შედეგად გონიო-კვარიათის მიმართულება მნიშვნელოვნად განიტვირთება. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ეტაპობრივად მოვაწესრიგოთ აღნიშნული ტერიტორია და კიდევ უფრო განვავითაროთ მისი ტურისტული პოტენციალი. ჩვენი მიზანია, ეს მიმართულება იყოს კომფორტული და უსაფრთხო როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე დამსვენებლებისა და ტურისტებისთვის”, — განაცხადა მინისტრმა.
ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის კონტრაქტით ოთხწლიანი ვადაა განსაზღვრული. რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან პროექტის მიმდინარეობაზე მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება. აქტიური სამშენებლო სამუშაოების დაწყება მიმდინარე წელს იგეგმება.
მინისტრის თქმით, ბათუმი-სარფის პროექტი ქვეყანაში მიმდინარე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ფართომასშტაბიანი განვითარების ნაწილია. ამავე პროცესის ფარგლებში სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს რუსთავი-წითელი ხიდის მიმართულებითაც.
„საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სივრცე, თუმცა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა საკმარისი არ არის. აუცილებელია თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გადაადგილებას გახდის უფრო სწრაფს, კომფორტულსა და უსაფრთხოს. საქართველომ დაამტკიცა, რომ არის საიმედო და უსაფრთხო სატრანზიტო დერეფანი და ჩვენი ამოცანაა, თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებით ქვეყნის ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გავაძლიეროთ”, — აღნიშნა რევაზ სოხაძემ.