ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის ისტორიული დღეა - აეროპორტი, წლის ჭრილში, პირველად მოემსახურა მემილიონე მგზავრს - ლევან მოსეშვილი
პირველად, წლის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, რაც უპრეცედენტო ფაქტია ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტის არსებობის ისტორიაში. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მემილიონე მგზავრი, გერმანიის მოქალაქე მიჰალ ნატოვიჩი გახდა, რომელიც საქართველოში ტურისტული ვიზიტით, შვილებთან ერთად იმყოფებოდა. სამშობლოში ის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საზეიმო ღონისძიებითა და სიმბოლური საჩუქრებით გააცილეს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ყველა დროის რეკორდს მოხსნის და მგზავრთნაკადი მილიონ 200 ათასამდე გაიზრდება.
,,ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის დღეს ისტორიული დღეა - აეროპორტი, წლის ჭრილში, პირველად მოემსახურა მემილიონე მგზავრს.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წელს, აეროპორტის ოპერატორმა კომპანია TAV Georgia-მ უპრეცენტო მასშტაბის ღონისძიებები განახორციელა: რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, გაფართოვდა ბაქანი, იგეგმება სამუშაოების ჩატარება სამგზავრო ტერმინალში.
წლის განმავლობაში ველოდებით რომ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მილიონ 200 ათასამდე მგზავრ მივიღებთ და მოვემსახურებით. რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ტურისტული ნაკადების მოზიდვასთან დაკავშირებით, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან, რათა მიმზიდველი გავხადოთ საქართველოს ყველა აეროპორტი, მივიღოთ მეტი ტურისტი, მეტ კმაყოფილ მგზავრს მოვემსახუროთ და მაქსიმალურად გავზარდოთ ეს მაჩვენებელი,-‘’ განაცხა ლევან მოსეშვილმა.
ბათუმის აეროპორტში 2025 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის ზრდამ 32%-ი შეადგინა. მგზავრთა რაოდენობის ზრდა უპრეცედენტო იყო აგვისტოში, როდესაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ერთი თვის ჭრილში პირველად მოემსახურა 200 000-ზე მეტ მგზავრს.
2025 წელი ისტორიული იქნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის მგზავრთნაკადის კუთხით. წინასწარი პროგნოზით, წლის ბოლომდე ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი ყველა დროის რეკორდს მოხსნის და მილიონ 200 ათასს მიაღწევს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.