ბათუმში ახალი ბულვარის მიმდებარედ პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქალაქ ბათუმში, ზღვის სანაპირო ზოლის ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში, მდ.ჭოროხის ჭალა-კალაპოტიდან გამოყოფილი საკარიერო უბნიდან, ზღვის სანაპიროზე 110000 მ3 პლაჟწარმომქმნელი მასალის შემოტანა მოხდება.
პირველ უბანზე რეცხვადი ბერმის სიგრძე 325 მეტრს, ხოლო მეორე უბანზე 290 მეტრს შეადგენს.
პროექტის მიზანია ქ. ბათუმის ზღვის სანაპირო ზოლის პლაჟების ხელოვნური კვება, რაც პლაჟის პარამეტრების შენარჩუნების და მისი შესაბამისი მასალით შევსებას უზრუნველყოფს.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2.5 მლნ. ლარს შეადგენს.
სატენდერო წინადადებების მიღება 2026 წლის 11 დეკემბერს დაიწყება და 16 დეკემბერს დასრულდება.
შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=707506&lang=ge
სხვა სიახლეები
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზის მშენებლობის ზედამხედველობის ტენდერი გამოცხადდა
20.11.2026.14:03
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარატმენტმა, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 17.1 კმ-იანი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოაქვეყნა მოთხოვნა ინტერესის გამოსახატავად.
აღნიშნული მონაკვეთი სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზის შემადგენელი ნაწილია. პროექტი 17.1 კმ-იანი 2 ზოლიანი გზის, 4 სატრანსპორტო კვანძისა და 5 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზა იწყება სოფელ ხამისკურში და სრულდება სოფელ ანაკლიაში.
პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებმა მოამზადეს. ამასთან, დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია შემუშავდა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების მიერ.
საზედამხედველო მომსახურება აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის მთავარი მიზანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ძირითად სატრანსპორტო ქსელთან დაკავშირება და ტვირთების შეუფერხებელი გადაზიდვების უზრუნველყოფაა. რაც საქართველოს სატრანსპორტო ქსელს გააძლიერებს და “შუა დერეფნში” მის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზის საზედემხედველო მომსახურების ვადა მშენებლობის დაწყების თარიღიდან 24 თვეა.
დაინტერესებულ პირებს წინადადებების წარმოდგენა არაუგვიანეს 2027 წლის 5 იანვრისა შეუძლიათ.
ტენდერის ბმული: https://georoad.gov.ge/ka/purchases/2642