ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნეოგაზი სოფელ ებნისის საჯარო სკოლას ესტუმრა და საჩუქრები გადასცა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ყოველწლიური ტრადიცია გრძელდება ნეოგაზში. ამ დღეს ნეოგაზი სტუმრობს საქართველოში მდებარე ერთ-ერთ სკოლას და მოსწავლეებს საჩუქრებს გადასცემს.
წელს ნეოგაზმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სოფელ ებნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცა. სკოლა დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელში მდებარეობს, სადაც ამჟამად 8 მოსწავლე სწავლობს.

ნეოგაზმა თითოეულ მოსწავლეს პერსონალური საჩუქრები გადასცა, ხოლო სკოლას კომპიუტერული ტექნიკა და ბიბლიოთეკისთვის წიგნები.
„ნეოგაზში ყოველწლიური ტრადიცია გრძელდება. მოხარულები ვართ, რომ კომპანია უკვე არაერთი წელია 1 ივნისს განსაკუთრებულად აღნიშნავს. წელს ვესტუმრეთ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ებნისის საჯარო სკოლას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს თბილი დახვედრისათვის“ - განაცხადა ნეოგაზის მარკეტინგის მენეჯერმა უჩა პაპიაშვილმა.
კომპანიის შესახებ:
ნეოგაზი საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს ავტო გასამართ სადგურებზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს სთავაზობს ბუნებრივი და თხევადი აირის სახით. 2023 წლიდან კი ნეოგაზმა მაღალი სტანდარტების დაცვით მომხმარებლებს სადგურებზე დამატებით ბენზინისა და დიზელის საწვავი შესთავაზა.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ნეოგაზის ვებგვერდს: www.neogas.ge
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.