ბელიაშვილის ქუჩაზე ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება იწყება
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს.
„თბილისის მყარი ნარჩენების მართვის ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან წლებია აქტიურად ვთანამშრომლობთ. პროცესში ჩართული არიან მათი ექსპერტები, რომელთაც ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენი საიმედო პარტნიორის ფინანსური მხარდაჭერით, ვიწყებთ კიდევ ერთ პროექტს - ესაა ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაცია ბელიაშვილის ქუჩაზე. შედეგად, დედაქალაქს ექნება უსაფრთხო, მოდერნიზებული და ლოგისტიკურად უფრო გამტარი გადამტვირთავი სადგური. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ცილინდრული ტიპის დანადგარები საპრესი მოწყობილობით, რაც საგრძნობლად დააჩქარებს და ოპტიმალურს გახდის ნარჩენის გადატვირთვის პროცესს, გაზრდის ნარჩენების გადაზიდვის ეფექტიანობას და შეამცირებს სუნს. ასევე, მოეწყობა მოდერნიზებული სამრეცხაო, სპეცტექნიკისთვის განკუთვნილი პარკინგი და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 4 409 660 ევროს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ყურადღება დანარჩენ პროექტებზეც გაამახვილა, რომლებიც დედაქალაქში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით ხორციელდება.
„რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება დიდი ლილოს პოლიგონზე. მათ შორისაა, მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს მშენებლობა, რაც ფაქტობრივად ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი იქნება. ამ პროექტის განხორციელების მიზნით, EBRD-თან სასესხო შეთანხმებას ამ თვეში მოეწერება ხელი, პარალელურად კი მიმდინარეობს საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევა, რათა სატენდერო დოკუმენტაცია შედგეს. პროექტი ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება, რადგან საქართველოში, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არ გვყავს შესაბამისი გამოცდილების მქონე სპეციალისტები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ლილოს პოლიგონზე ასევე, იგეგმება ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობაც, რაც ამ კუთხით დღეს არსებულ პრობლემას მოაგვარებს. შესაბამისი სამუშაოების ტენდერი ამ კვარტლის ბოლოს გამოცხადდება, პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი კი 6 255 000 ევროა.
„გარდა ამისა, ლილოს პოლიგონზე იგეგმება გაზშემკრები სისტემის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, გადაიხურება ნარჩენების განსათავსებელი უჯრედები, ხოლო უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან შეგროვდება გაზი (მეთანი). ყველა ეს პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც დიდი ლილოს მოსახლეობისთვის, ასევე, თბილისში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და EBRD-ს, მის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო. მათი მხარდაჭერით, ასევე, შეძენილი გვაქვს 65 ერთეული სპეცტექნიკა, რომელიც ქალაქს ძალიან მალე მოემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.