ბიომრავალფეროვნების დაცვა გლობალური ვალდებულებაა და გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მდგრადი განვითარებისათვის - ISET PI
ბიომრავალფეროვნების დაცვა გლობალური ვალდებულებაა და გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მდგრადი განვითარებისათვის, - აღნიშნულია ISET PI-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ISET PI-ში აცხადებენ, რომ ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის განმარტების თანახმად, ბიომრავალფეროვნება გულისხმობს „ყველა სახეობის ცოცხალი ორგანიზმის, მათ შორის, ხმელეთზე, ზღვებსა და წყლის სხვა ეკოსისტემებსა თუ ეკოლოგიურ კომპლექსებში მაცხოვრებელი ცოცხალი ორგანიზმების ცვალებადობას; ის ასევე მოიცავს მრავალფეროვნებას სახეობებში, სახეობებს შორის და ეკოსისტემებში“. ზოგადად კი, კონვენცია ეხება არსებული ეკოსისტემებისა და დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნებას.
„ბიომრავალფეროვნების დაცვა გადამწყვეტ როლს თამაშობს პლანეტის ეკოლოგიის შენარჩუნებაში და ყველა სახეობის ცოცხალ არსებათა, მათ შორის, ადამიანთა კეთილდღეობაში. ბიომრავალფეროვნების დაცვა მნიშვნელოვანია ეკოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული და ეთიკური მიზნების მისაღწევად იმდენად, რამდენადაც იგი უზრუნველყოფს ეკოსისტემების მდგრადობას და სარგებლის მომტანია არამხოლოდ არსებული, არამედ მომავალი თაობებისათვისაც. ბიომრავალფეროვნების დაცვა გლობალური ვალდებულებაა და გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მდგრადი განვითარებისათვის.
საქართველო, რომელიც კავკასიის ეკო-კორიდორში მდებარეობს, ბუნების მსოფლიო ფონდის მიერ აღიარებული 35 პრიორიტეტული ზონიდან ერთ-ერთია და მოიცავს მსოფლიოში 34 აღიარებული „ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილებიდან“ ორს: კავკასიასა და ირანი-ანატოლიის ცხელ წერტილებს. სამხრეთ კავკასიის მთიან რეგიონში მდებარე საქართველო გამოირჩევა განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით, მრავალი ენდემური სახეობით, იშვიათი ჰაბიტატებითა და მრავალფეროვანი ეკოსისტემებით“, - აცხადებენ ISET PI-ში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.