ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრაგახსნა.
ნინო თანდილაშვილმა ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, კონსერვაციისა და მონიტორინგის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP), კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) და შვედეთის მთავრობას (SIDA) აღნიშნული მიმართულებით განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხდა.
„ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გაძლიერება, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. მოხარული ვარ, რომ ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის განახლების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. სწორედ, ძლიერი მონიტორინგის სისტემა არის ის ფუნდამენტი, რაც ბიომრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებაში დაგვეხმარება. ვფიქრობ, საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობით, შევძლებთ გამჭვირვალე, ევროპულ პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის შემუშავებას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
როგორც კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა, ელისაბეტ მესუდიმ განაცხადა, საქართველოს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის გაძლიერებაზე მუშაობა, ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. კავკასიის ბუნების ფონდი მზად არის პროცესის მხარდაჭერა მომავალშიც გააგრძელოს.
შეხვედრაზე, საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ ზოოლოგი, პროფესორი ზურაბ გურიელიძე აირჩიეს.
ღონისძიების ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. შეხვედრის მონაწილეებმა ცალკეული სახეობების კვლევა-მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავების, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის ეროვნული ინდიკატორების განახლების და ელექტრონული პლატფორმის შესაქმნელად სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების საკითხებიც განიხილეს. აღინიშნა, რომ ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ეფექტიანი სახელმწიფო სისტემის შემუშავებისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტში, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სამმართველო შეიქმნა.
საკოორდინაციო საბჭოს პირველ შეხვედრას საბჭოს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.