ბიზნეს სექტორს სჭირდება ხარისხზე ორიენტირებული განათლებით მიღებული პროფესიონალები - მინისტრი
ბიზნეს სექტორის მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა პროცესებში მონაწილეობის, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბიზნეს სექტორს სჭირდება ხარისხზე ორიენტირებული განათლებით მიღებული პროფესიონალები.
„ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ეკონომიკურ წინსვლაზე ვსაუბრობთ ნებისმიერი ფუნდამენტი რა თქმა უნდა ხარისხიანი განათლებაა და ამ კუთხით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განსაკუთრებით 2025 წელს ძალიან ბევრი აქვს სათქმელი. მოგეხსენებათ, რომ დაანონსდა 2 უმნიშვნელოვანესი რეფორმა. ერთი ეს არის უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც ოქტომბერში პრემიერმა კომისიის 9 თვიანი მუშაობის შემდეგ საზოგადოებას წარუდგინა და ამის შემდეგ, ორი თვის განმავლობაში მოხდა ამ დოკუმენტის საჯარო განხილვები. მათ შორის ბიზნეს სექტორთან და ბიზნეს სექტორის მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა პროცესებში მონაწილეობის. რამე თუ ბიზნეს სექტორს სჭირდება ხარისხზე ორიენტირებული განათლებით მიღებული პროფესიონალები იმისთვის, რომ მათ გარკვეული პროფესიების მიხედვით არ სჭირდებოდეთ უცხოეთიდან ძვირად ღირებული კადრების ჩამოყვანა და პირდაპირი ორიენტირი იყოს ჩვენს მოქალაქეებზე, რომ ისინი დასაქმდნენ და ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება და ამისთვის ჩვენ მივცეთ შესაბამისი განათლება. დეკემბრის დასაწყისში ჩვენ ასევე დავაანონსეთ ზოგადი განათლების კონცეფციის დოკუმენტი, რომლის განხილვები მთელი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, გუშინ ფაქტობრივად დასკვნითი შეხვედრა გვქონდა. ჩვენ მომავალ კვირას სავარაუდოდ მთავრობას შეჯერებულ დოკუმენტს წარვუდგენთ დასამტკიცებლად, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ დავიწყოთ ფართომასშტაბიანი სასკოლო რეფორმა. აუცილებელია და ვერ შეიძლება ვსაუბრობდეთ უმაღლესი განათლების რეფორმაზე თუ არ გაქვს საუბარი სასკოლო რეფორმაზე, თუ არ გაქვს საუბარი პროფესიულ მიმართულებაზე.
ასევე, 2 კონკრეტულ ფაქტორს გამოვყოფდი 2025 წელთან მიმართებაში. ერთი ეს არის უპრეცედენტო და ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მმართველი გუნდის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო და რაშიც პირდაპირ ჩართული იყო პარტიის საპატიო თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, რომელთა ძალიან დიდი ძალისხმევითაც საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის სექტემბრიდან ჩარიცხული სტუდენტები ამიერიდან უფასოდ ისწავლიან. მთელი ციკლი დაწყებული სკოლიდან დასრულებული უმაღლესით დღეს გვაქვს უფასო განათლების მოცემულობაში. რაც არის მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ნებისმიერ მოქალაქეს თავისი ცოდნის, შრომის და უნარებიდან გამომდინარე უკვე შეუძლია, რომ გადასახადის გარეშე მიიღოს განათლება. და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის ქართული ენის, სახელმწიფო ენის გაძლიერება. ის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში მიმდინარეობდა ქართული ენის საწინააღმდეგოდ, მის საპირწონედ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც შევიდა ცვლილებები კანონმდებლობაში და დავამტკიცეთ კონკრეტული წესი და ყველა უმაღლეს სასწავლებელში ქართულ სექტორზე, ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო წლიდან უკვე დავაბრუნეთ სავალდებულო წესით, საბაკალავრო დონეზე ქართული ენის სწავლება. თუმცა ამ კუთხით მრავალი ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ გაძლიერდეს სახელმწიფო ენის ცნობიერება ჩვენს მოქალაქეებში“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.