ბოლო წლებში განსაკუთრებით ეფექტიანი გახდა მარეგულირებლების საქმიანობა, რამაც ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა - გიორგი ტყემალაძე
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, მომხმარებლის დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეულის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. კვირეული თბილისში უკვე მესამედ იმართება ეგიდით „მომხმარებლის დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგები და არსებული გამოწვევები“.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, კვირეულის ფარგლებში მსჯელობა გაიმართება მნიშვნელოვან საკითხებზე.
„მოხარული ვარ, რომ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული უკვე მესამედ ტარდება თბილისში. მნიშვნელოვანია, რომ კვირეულის ფარგლებში, ინტენსიური მსჯელობები გაიმართება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის მაღალი ხარისხის პროდუქციის და სერვისების მიწოდება, სამომხმარებლო ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიმართ. ეს ის საკითხებია, რომლებზე ზრუნვაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ცხოვრების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას და პასუხისმგებლიანი პარტნიორობის ჩამოყალიბებას მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის. ვფიქრობ, კვირეულის ფორმატი საკმაოდ შედეგიანი იქნება თემატიკაზე კონცენტრირებისთვის, რაც საშუალებას იძლევა დაინერგოს ეფექტიანი მექანიზმები მაღალი სამომხმარებლო სტანდარტების პრაქტიკაში დამკვიდრებისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაიხვეწა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და განსაკუთრებით ეფექტიანი გახდა მარეგულირებლების საქმიანობა, რამაც ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები, საგარეო საქმეთა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.
ღონისძიების ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.