ბრალდებულები/მსჯავრდებულები უზრუნველყოფილი არიან ყველა შესაბამისი სამედიცინო სერვისით ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე - გიორგი პატარიძე
„ჩვენი სტრატეგია არის პენიტენციურ დაწესებულებებში პირველადი ჯანდაცვის სეგმენტის განვითარება. ამჟამად პენიტენციურ სისტემაში, დაახლოებით, 60-ზე მეტი მიმართულების ლაბორატორიული კვლევა კეთდება, რაც ბევრ წამყვან კლინიკასაც კი შეიძლება შეშურდეს", - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ პოდკასტში „კონტრასტი" განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო 9 თვის მონაცემებით, უკვე 80 ათასზე მეტი კვლევა ჩატარდა.
„გვყავს კონტრაქტორი კომპანია, რომელიც დამატებით კვლევებს ატარებს, მათ შორის, გენეტიკური მიმართულებითაც და ძალიან ბევრი გვაქვს პრეცედენტი იმისა, როდესაც საჭიროების შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებშიც იგზავნება შესაბამისი ლაბორატორიული მასალა. ნებისმიერი ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი არიან ყველა შესაბამისი სამედიცინო სერვისით ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე", - განაცხადა გიორგი პატარიძემ.
მისივე თქმით, 2012 წლამდე პერიოდში ჯანდაცვის მიმართულებით ბიუჯეტში 1,5-მლნ-დან 2 მლნ ლარამდე იყო გამოყოფილი 24 ათას პატიმარზე. დღეს კი ეს თანხა 11 მლნ ლარია და ნაწილდება 12 ათას პატიმარზე, რაც პატიმართა მაშინდელი რაოდენობის თითქმის ნახევარს შეადგენს.
„მიუხედავად იმისა, რომ ამხელა კონტრასტია მაშინდელ და ახლანდელ ჯანდაცვის ბიუჯეტებს შორის, მესამე კვარტლის ბოლოს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელი შემოდის ხოლმე წინადადებით და გვატყობინებს, რომ ეს 11 მლნ ლარიც არ არის საკმარისი და უკვე შიდა ბიუჯეტში ვცდილობთ ხოლმე დამატებითი თანხების მოძიებას, გადამისამართებას ამ მიმართულებით და პრაქტიკულად წელიწადში, დაახლოებით, 12 - 12,5 მილიონი ლარი იხარჯება ჯანდაცვის სერვისებში", - განაცხადა გიორგი პატარიძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე პრიორიტეტი დაწესებულებებში ამბულატორიული მიმართულების განვითარებაა, რა მიზნითაც პენიტენციური სამსახური მაღალტექნოლოგიური აპარატურის შეძენასაც გეგმავს.
„მედიკოსები გაიგებენ, რას ვამბობ, როდესაც ვიტყვი, რომ ეს იქნება 128-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) აპარატი, რომელიც, ალბათ, ნებისმიერ წამყვან კლინიკას შეშურდებოდა. ეს შეამცირებს სამოქალაქო სექტორის კლინიკებში ამბულატორიულ რეფერალებს და, შესაბამისად, ხარჯთეფექტურობასაც უზრუნველყოფს", - აღნიშნა გიორგი პატარიძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიდგომაა, არავის მივცეთ საშუალება, მოსახლეობას უხარისხო სამუშაოები შესთავაზოს - რევაზ სოხაძე
17.10.2026.22:21
„ჩვენი ძლიერი მხარე ის არის, რომ პრობლემებს არ ვმალავთ და ვაღიარებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს. ამასთან, ქვეყანაში ისეთი გარემო და მიდგომები უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ ვერავინ გაბედოს უხარისხო სამუშაოების შესრულება და მოსახლეობასთან უპასუხისმგებლო დამოკიდებულება“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სატელევიზიო დებატებისას განაცხადა.
მინისტრმა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ხარისხის კონტროლის მნიშვნელობაზე, სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობასა და სატენდერო პროცედურების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
რევაზ სოხაძემ გრიგოლეთის მონაკვეთზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ხარისხის კონტროლის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამო კომპანიას კონსტრუქციის დემონტაჟი და ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მოუწია.
„ერთ-ერთი კომპანია, რომელზეც საუბრობდით, ამჟამადაც აწარმოებს სამუშაოებს. მის მიერ გრიგოლეთის მონაკვეთზე აშენებული სახიდე გადასასვლელი ჩვენმა ხარისხის კონტროლმა დაიწუნა. კომპანიას მოუწია მისი დანგრევა და ახლა ახალს აშენებს. ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნება, რომ სამუშაოები უმაღლესი ხარისხით შესრულდეს“ -განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საკითხი მხოლოდ კონკრეტული კომპანიების დასახელებით არ შემოიფარგლოს. აუცილებელია ისეთი სისტემის არსებობა, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სატენდერო პროცედურების გამჭვირვალობასა და ობიექტურობას, ხოლო მეორე მხრივ, გამორიცხავს უხარისხო სამუშაოების შესრულებას.
რევაზ სოხაძის განმარტებით, ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების შერჩევა დადგენილი წესებისა და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე უნდა ხდებოდეს, რაც კორუფციული რისკების შემცირებასაც ემსახურება. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„ჩვენი ბაზარი და სატენდერო პროცედურები ღია უნდა იყოს ყველასთვის და ყველა დაინტერესებულ კომპანიას მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ამასთან, ღიად ვაცხადებთ, რომ ქართულ კომპანიებს ვგულშემატკივრობთ. საკანონმდებლო დონეზე უკვე მიღებული გვაქვს და მომავალშიც ვაპირებთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც მათ ტენდერებში მონაწილეობას გარკვეულწილად შეუწყობს ხელს. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ვერავინ გაბედავს უხარისხო სამუშაოების შესრულებას“ -აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდასთან დაკავშირებულ პრობლემაზე და განაცხადა, რომ სახელმწიფოს ჩარევის შედეგად საკითხი ნაწილობრივ მოგვარდა. მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ პრობლემა სრულად აღმოიფხვრება.
სატელევიზიო დებატებისას რევაზ სოხაძემ კობი-ქვეშეთის საავტომობილო გზის პროექტიც მოიყვანა მაგალითად და აღნიშნა, რომ ეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო პროექტია. მისი თქმით, უკვე აშენებულია 9-კილომეტრიანი გვირაბი, ხოლო პროექტის ფარგლებში შენდება უნიკალური თაღოვანი ხიდი, რომლის სიმაღლე 166 მეტრი, სიგრძე კი 400 მეტრია.
მინისტრის განცხადებით, პროექტის ერთ-ერთ უცხოურ კონტრაქტორ კომპანიასთან მუშაობის საწყის ეტაპზე არსებობდა უკმაყოფილება მისი საქმიანობის ორგანიზებისა და სამუშაო პროცესის მიმართ. სახელმწიფოს მხრიდან საკითხისადმი მკაცრი მიდგომისა და აქტიური მუშაობის შედეგად კომპანიამ გუნდი სრულად შეცვალა, რამაც სამუშაო პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები განაპირობა.
„როდესაც პირველად ჩავედი ამ ობიექტზე, ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც მიუღებელი იყო კომპანიის დამოკიდებულება და მუშაობის ფორმა. ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მკაცრი მიდგომა გვქონდა. მინდა გითხრათ, რომ კომპანიამ გუნდი მთლიანად შეცვალა. ახლახანაც ვიყავი ობიექტზე და მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია. კომპანია იგივეა, თუმცა შეიცვალა მისი მიდგომა და მუშაობის ხარისხი. ეს მაგალითი აჩვენებს, რომ როდესაც კომპანია ხედავს სახელმწიფოს მკაფიო და პრინციპულ დამოკიდებულებას, მას შესაბამისი რეაგირება უწევს“ -განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, უზრუნველყოს სამუშაოების ხარისხი და მოქალაქეების ინტერესების დაცვა.