ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართება
8 ივნისს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით გაიმართება.
სხდომაში საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები, ასევე საქართველოს აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
კომიტეტის სხდომის ფარგლებში განიხილავენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობას. ასევე იმსჯელებენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევაზე.
საქართველოს მხრიდან ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები არიან: მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გიორგი ჩაკვეტაძე, ეკა სეფაშვილი, ჰერმან საბო და ანა წითლიძე.
ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა. მისი მთავარი მიზანია ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი შედგება საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრებისაგან.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.