ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე U.S. PRIVATE LABEL TRADE SHOW საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, აშშ-ში, ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე U.S. Private Label Trade Show საქართველოს პავილიონი მოეწყო.
გამოფენას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და აშშ-ში საქართველოს საელჩოს მრჩეველი დავით ჩარკვიანი ესწრებოდნენ.
„სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები წელს უკვე მეათე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ. ამჯერად, ქართული პროდუქცია აშშ-შია წარმოდგენილი. გასულ წლებში საერთაშორისო პლატფორმებზე მონაწილეობა კომპანიებისთვის შედეგიანი იყო. წლევანდელი ჩართულობაც ხელს შეუწყობს ახალი საქმიანი კავშირების დამყარებასა და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას“- განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა.
საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების: „აჩინებული“, „არომაპროდუქტი“, „კამპა“, „კულა“, „ხონის პლანტაციები“, „ალფაინ სფაისიზ“ წარმოებული ხილის წვენები და სუნელ-სანელებლები.
U.S. Private Label Trade Show მონაწილე კომპანიებს სთავაზობს შესაძლებლობას საქმიანი კავშირები დაამყარონ აშშ-ისა და კანადის წამყვანი საცალო ქსელების წარმომადგენლებთან, საბითუმო მოვაჭრეებთან და იმპორტიორებთან, წარუდგინონ საკუთარი პროდუქცია და განიხილონ კერძო სავაჭრო ნიშნით (Private Label) პროდუქციის წარმოების პერსპექტივები.
სხვა სიახლეები
დავით სონღულაშვილმა უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა გამართა
19.11.2026.10:29
უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს იბროჰიმ აბდურახმონოვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.
დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობის საკითხს.
„მოხარული ვარ, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩვენი საერთო ინტერესია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და ერთობლივი პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ფერმერებს შორის თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ქართული ღვინის, ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლებისა და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის უზბეკეთში ექსპორტის გაზრდის კარგი პოტენციალი არსებობს.
დავით სონღულაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა სანიტარიული და ფიტოსანიტარიული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასაც.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა 2027 წლის სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვასა და სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას ითვალისწინებს.
მინისტრის განცხადებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მინისტრის მოადგილეების დონეზე შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, აქტიურად გააგრძელებს მუშაობას სპეციალისტებსა და ბიზნესს შორის კავშირების გაძლიერების და ლაბორატორიებს შორის თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით კოტარია, ასევე, უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახრამონ იულდაშევი, ტაშკენტის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ნარზულო ობლომურადოვი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.