ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა ნიშნავს ქართული პროდუქციის უფრო კიდევ მეტ პოპულარიზაციას და გაზრდილ ექსპორტს - ირაკლი ნადარეიშვილი
„ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე წელს საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსი მიენიჭა, რაც ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას და ყურადღებას ქართული პროდუქციის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში გაზრდილ ექსპორტში აისახება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შანხაიში მიმდინარე მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაში (China International Import Expo (CIIE)) საქართველო 2018 წლიდან რეგულარულად, უკვე მერვედ მონაწილეობს. წელს გამოფენაში ტრადიციულად 40-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი მრავალფეროვანი პროდუქციით.
საგამოფენო სივრცე, სადაც საქართველო სამი პავილიონია განთავსებული, ჩინეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და სამთავრობო დელეგაციის წევრებმა, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და მინისტრის მოადგილეებმა ირაკლი ნადარეიშვილმა და გენადი არველაძემ დაათვალიერეს.
„გამოფენის სტუმრებს საქართველოს ეროვნულ პავილიონში ვთავაზობთ ინფორმაციას ქართული კულტურის, გასტრონომიისა და ფოლკლორის შესახებ, ასევე წარმოდგენილია სასმლის, საკვების და სამომხმარებლი პროდუქციის პავილიონები. ჩვენი რეალური მოლოდინია, რომ სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაიზრდება საქართველოდან ექსპორტი საკვების, სასმლის, ასევე ტექსტილისა და სამომხმარებლო საქონლის მიმართულებები", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველო სააგენტო „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით მონაწილეობს. სააგენტოს პარტნიორები არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ღვინის ეროვნული სააგენტო.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.