ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე 20 ელექტროდამტენი „ვისოლ ჯგუფმა“ დაამონტაჟა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, კერძოდ, გორის მიმდებარედ დამონტაჟებული ელექტროდამტენების სადგური პირადად შეამოწმა.
კახა კალაძის განცხადებით, 20 ელექტროდამტენი ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე 4 ადგილზე თბილისის მერიის ინიციატივით „ვისოლ ჯგუფმა“ დაამონტაჟა.
„ძალიან მიხარია, რომ ასეთი მაგარი პროექტები ხორციელდება. მიხარია იმიტომაც, რომ ჩვენ ვიყავით ადამიანები, რომლებმაც დავიწყეთ ამ მიმართულების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. უკეთესია, რაც მეტი ელექტრომობილი იქნება ქვეყანაში, დედაქალაქში, სადაც 600 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება პიკის საათებში, რაც ძალიან მძიმეა ქალაქისთვის გამონაბოლქვის, ეკოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით. ამ ფონზე უფრო მეტი ელექტრომობილის შემოყვანის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ფიქრობს, იყიდოს თუ არა ელექტრომობილი, პირველ რიგში, უყურებს ინფრასტრუქტურას, თუ სად დატენის ავტომობილს, რაც ძალიან დიდი პრობლემა იყო წლების განმავლობაში. დღეს უკვე თბილისში 80-მდე ელექტროდამტენი გვაქვს დამონტაჟებული. გავცდით თბილისის ფარგლებსაც. ახლა გორში ვიმყოფებით, სადაც „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ დავამონტაჟეთ სწრაფი დამტენები. სწრაფი დამტენები ასევე ხელმისაწვდომია თერჯოლაში, ბორჯომში, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით. გვინდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით რაც შეიძლება მეტი ასეთი პროექტი განვახორციელოთ. ასევე, დედაქალაქში ვგეგმავთ გამოვყოთ კონკრეტული სივრცეები, სადაც შესაძლებელი იქნება ასეთი თანამედროვე სადგურების მოწყობა, კაფეებით. მინდა, მადლობა გადავუხადო „ვისოლ ჯგუფს“ თანამშრომლობისთვის, ეს კონკრეტული პროექტი მათთან ერთად განვახორციელეთ. ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ელექტროდამტენების სადგურები ასევე მოწყობილია და ფუნქციონირებს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე, გზის ორივე მხარეს და ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის მიმართულებით.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.