ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა - ირაკლი კობახიძე
ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გეგმის თანახმად, უწყვეტი, 4-ზოლიანი ავტობანი იქნება უზრუნველყოფილი 2030 წლისთვის სარფიდან წითელ ხიდამდე და სადახლომდე.
„ჩვენ გვაქვს მკაფიო მიზანი, ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს. ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა, რაც არის საზღვრებს შორის კავშირის გამარტივებისთვის მნიშვნელოვანი. უწყვეტი, 4-ზოლიანი ავტობანი იქნება უზრუნველყოფილი 2030 წლისთვის ჩვენი გეგმის თანახმად სარფიდან წითელ ხიდამდე და სადახლომდე. მათ შორის, თბილისსაც აუვლის გვერდს ეს ავტობანი და თბილისის განტვირთვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს ინვესტიცია აუცილებლად განხორციელდება", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
თბილისის შემოვლითი გზის წიწამური–ავჭალის მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა
20.10.2026.15:39
თბილისის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელება ახალ ეტაპზე გადადის. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წიწამური–ავჭალის 7.3-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, China Railway Tunnel Group Co., Ltd-თან ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე წურწუმიამ და კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლიანგ ჰონგჯუნმა მოაწერეს.
წიწამური–ავჭალის მონაკვეთზე აშენდება ოთხზოლიანი საავტომობილო გზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი საინჟინრო კომპონენტი 3.4 კილომეტრის სიგრძის ორი პარალელური გვირაბია. პროექტი ასევე ითვალისწინებს ხიდების, სატრანსპორტო კვანძებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას.
თბილისის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის (E60) მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტის მთავარი მიზანია სატრანზიტო მოძრაობის ნაწილის დედაქალაქის გვერდის ავლით გატარება და თბილისის სატრანსპორტო ქსელის განტვირთვა.
ახალი გზა ხელს შეუწყობს სატრანზიტო გადაზიდვების ეფექტიანობას, შეამცირებს გადაადგილების დროსა და ხარჯებს და გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. ამასთან, დედაქალაქის ცენტრალური და სხვა დატვირთული საგზაო მონაკვეთებიდან სატრანზიტო მოძრაობის ნაწილის გადატანა ქალაქში გადაადგილების პირობების გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს.
თბილისის შემოვლითი გზა ნატახტრის/წიწამურის მიმართულებიდან რუსთავამდე დაახლოებით 49 კილომეტრზეა დაგეგმილი. პროექტი რამდენიმე სამშენებლო მონაკვეთს მოიცავს. წიწამური–ავჭალის მონაკვეთზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ხოლო მე-3, მე-4 და მე-5 ლოტების მშენებლობისთვის სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერებასა და დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განტვირთვას ემსახურება.