ჩვენი მიზანია ბიზნესიც მოვიცვათ, რადგან კონკურენციის სამართალი ბიზნესდავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა - ირაკლი ყანდაშვილი
ადვოკატთა ასოციაცია პროფესიული მიმართულებების გაფართოებაზე მუშაობს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილი განაცხადა, ასოციაციის ფარგლებში უკვე 50-ზე მეტი დარგობრივი კომიტეტი ფუნქციონირებს, მათ შორის ახალი და მოთხოვნადი მიმართულებები, როგორიცაა სპორტის სამართალი, რაც საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად პროფესიის განვითარებას უწყობს ხელს.
„ადვოკატთა ასოციაციის კედლებში, სისტემურ მიმართულებას ვგულისხმობ, შევქმენით შესაძლებლობა, განვითარებულიყო სამართლის თითქმის ყველა დარგობრივი კომიტეტი. მათმა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა და ხელი შევუწყვეთ ისეთი დარგობრივი კომიტეტების ფუნქციონირებას, როგორიცაა, მაგალითად, სპორტის სამართალი, რომელიც დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ამერიკაში, ევროპასა და არაერთ სხვა იურისდიქციაში. ასევე, მედიაციის სამართლის კომიტეტი, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების მიმართულებით არსებული დარგობრივი კომიტეტი. ჩვენ ხელს ვუწყობთ სამართლის ყველა იმ დარგის ორგანიზაციის შიგნით დანერგვასა და განვითარებას, რაც ადვოკატების ყოველდღიურობაა არა მხოლოდ დღეს, არამედ იქნება ხვალაც.
სწორედ ასეთ დარგად მიგვაჩნია ჩვენ, მათ შორის, კონკურენციის სამართალი და ძალიან მნიშვნელოვანია ის მემორანდუმი, რომელიც 2-3 დღის წინ გაფორმდა შესაბამის სამსახურთან. ჩვენი მიზანია, ერთობლივი ძალებით და ჩვენი ჩართულობით, მათ შორის იმიტომ, რომ ადვოკატები არიან პირები, რომლებიც მსგავსი კატეგორიის სამართლებრივ დავებზე ბიზნესის წარმომადგენლობას ახორციელებენ, ბიზნესიც რომ მოვიცვათ, რადგან ეს ბიზნესდავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარგის განვითარებაში - იგივე პრაქტიკის განზოგადების კუთხით და თუნდაც აზრთა გაცვლის თვალსაზრისით, რაც დარგს განავითარებს - ჩვენც, როგორც პროფესია, ჩართული ვიყოთ.
ეს არის, ერთი მხრივ, კონკურენციის სამართლის განვითარებისთვის ხელის შეწყობა, ასევე ჩვენი პროფესიული პრაქტიკის - ადვოკატების პრაქტიკის - კიდევ უფრო გამრავალფეროვნება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დარგის განვითარების პულსაციაზე ხელის დადების შესაძლებლობა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ორივე ინსტიტუციას, მემორანდუმის ხელმომწერს, გვაქვს ამის ნება, რომ ერთობლივი ძალებით, მათ შორის ჩვენი ჩართულობითაც, კერძო სამართლის პრაქტიკის ნაწილში მნიშვნელოვანი შედეგები მივიღოთ.
ამ შემთხვევაში ეს არ არის მცირე ნაწილი და მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ადვოკატები სწორედ იმ ბიზნესებს წარმოადგენენ, რომლებსაც შესაბამის ინსტიტუციასთან გარკვეული სადავო საკითხების წრე აქვთ. ჩვენც ერთგვარი გამტარი და პრაქტიკის დამნერგავი უნდა ვიყოთ. იმედი მაქვს, რომ ამით არაერთი ამ დარგით დაინტერესებული ადვოკატი თავის ადგილს იპოვის, პრაქტიკაშიც ჩაერთვება და საკუთარ პრაქტიკასაც გაამდიდრებს იმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სადაც არაერთ სასწავლო კომპონენტს, მათ შორის მრგვალ მაგიდებს, ასევე პრაქტიკის განზოგადების მიზნით არაერთ ვორქშოფსა და კონფერენციას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს რკინიგზამ 45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლის შესყიდვის მიზნით, საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა
25.07.2026.16:19
საქართველოს რკინიგზამ 45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლის შესყიდვის მიზნით, საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. პროექტის საერთო ღირებულება 350 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტია ლარში და დაახლოებით 1 მლრდ ლარს შეადგენს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს რკინიგზა ახალ მაგისტრალურ სატვირთო ელმავლებს პირველად შეისყიდის.

პროექტი „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში და მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური სატვირთო ელმავლების პარკის მნიშვნელოვანი ნაწილის ექსპლუატაციის ვადა იწურება. ახალი ელმავლების შესყიდვით კომპანია განაახლებს სალოკომოტივო პარკს, გაზრდის საოპერაციო შესაძლებლობებს, გააუმჯობესებს სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობასა და საიმედოობას, რაც მას მზარდი სატვირთო ნაკადების უფრო ეფექტიანად მომსახურების შესაძლებლობას მისცემს.
ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლების შესყიდვა საქართველოს რკინიგზის გრძელვადიანი განვითარების ხედვის, მათ შორის 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის, პრაქტიკული განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის - შუა დერეფნის განვითარებისთვის.
ახალი ელმავლები ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებასა და ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კვანძის, კონკურენტუნარიანობის ზრდას.
სატენდერო პროცესს საქართველოს რკინიგზა მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების შესაბამისად ახორციელებს.
ახალი ელმავლების შესყიდვასთან ერთად, პროექტი ხაშურში, საქართველოს რკინიგზის კუთვნილ ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ელმავლების ტექნიკური მომსახურების ახალი დეპოს მშენებლობას ითვალისწინებს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია საკუთარი ხარჯებით დააპროექტებს, ააშენებს და თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობით უზრუნველყოფს ახალ დეპოს.