ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს, დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა - შოთა არველაძე
ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ, - შოთა არველაძე „გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტს Facebook-ზე ეხმაურება.
„ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.
თითქმის საუკუნის წინ, საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას, ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო, ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს - არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.
რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენ მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება“, - წერს არველაძე.
კანონპროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი განიხილავს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.