ჩვენი ციფრული პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლები ტრასებისა და საბაგიროების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ - ლევან დარსალია
ჩვენი ციფრული პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლები ტრასებისა და საბაგიროების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, - ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„წელს საკმაოდ აქტიურად ვემზადებით. ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს დაგეგმილი წელს და ეს სამუშაოები მიმდინარეობს.
გუდაურში მოხდება ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რაც უკავშირდება ახალი საბაგიროების დაყენებას, გათოვლიანების სისტემების დაყენებას და ასევე ახალი ტრასების გაჭრას და ღამის სრიალის დამატებას ერთ-ერთ ტრასაზე.
უფრო დეტალურად რომ გითხრათ, დაახლოებით 7500 მეტრის სიგრძის ტრასები აღიჭურვება გათოვლიანების სისტემით. აქვე მინდა ვთქვა, რომ რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი პოლონეთიდან, სადაც მოვინახულე ახალი გათოვლიანების თოფები. ძალიან ლამაზი იქნება. ერთ-ერთი გათოვლიანების თოფის მწარმოებელ კომპანიას შეუსრულდა 25 წელი, რომელიც ჩვენ გვაწვდის ამ გათოვლიანების აპარატს. ამ 25 წელთან დაკავშირებით 25 ოქროს გათოვლიანების თოფი აქვთ გამოშვებული და ერთ-ერთი დაყენდება გუდაურში, სწორედაც ექსკლუზიურად ჩვენი თხოვნით.
ასევე ორი ახალი, ბიგელის ტიპის საბაგირო დამონტაჟდება, ჯამში 1400 მეტრის სიგრძის, და 200-მეტრიანი ხალიჩა ასევე დაყენდება ზოოპარკის არეალში, რათა დამწყები მოთხილამურეებისთვის შევქმნათ ძალიან კარგი არეალი“, - აცხადებს ლევან დარსალია.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.