ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გამოგვიწოდეს ხელი და გვითხრეს, რომ საქართველო იმსახურებს ღირსეულ ადგილს დიდ ევროპულ ოჯახში -კახა კალაძე
თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ევროკომისიის მიერ მიღებული გუშინდელი გადაწყვეტილება მიულოცა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.
როგორც მან დედაქალაქის საკრებულოში, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება იმ რეფორმების დამსახურებაა, რაც მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა გასწია.
„ვულოცავ საქართველოს. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გამოგვიწოდეს ხელი და გვითხრეს, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, რომელიც იმსახურებს ღირსეულ ადგილს დიდ ევროპულ ოჯახში. საქართველომ ისტორიული არჩევანი საუკუნეების წინ გააკეთა. დღეს კი გვაქვს შედეგი, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრების, საქართველოს მოსახლეობის, ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგია. ეს არის იმ რეფორმების დამსახურება, რაც მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა გასწია. პარტია „ქართული ოცნების“ დაპირება შესრულებულია - ჩვენი ქვეყანა არასდროს მდგარა ასე მტკიცედ ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც აღნიშნულ პროცესში იყო ჩართული.
„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, ვინც ჩართული იყო რეფორმების განხორციელების მნიშვნელოვან პროცესში. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც გულშემატკივრობდა ჩვენს ქვეყანას. მადლობა ევროპულ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რამაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დააყენოს საქართველო ევროპული მომავლის რელსებზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.