ჩვენთვის მთავარია მოხდეს პროცესების პრევენცია, რაც სახელმწიფოს გაცილებით იაფი დაუჯდება - რევაზ სოხაძე
,,ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ ექსპერიმენტების ჩატარებას ბიუჯეტის ხარჯზე. გვაქვს კარგად გააზრებული და გათვლილი ის ნაბიჯები რასაც ვდგამთ. გორი-არგვეთის 105 კილომეტრიანი მონაკვეთი პირველ რიგში აირჩა სირთულიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ეს არის ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძი და საინჟინრო კუთხით ყველაზე რთული მონაკვეთი’’-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ,,ბიზნესპარტნიორი’’ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოში მილიარდობით ლარის ინვესტიციით შეიქმნა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა - აშენდა ახალი ავტომაგისტრალები, გვირაბები, ხიდები, ფერდდაცვითი სისტემები და სხვა საინჟინრო ნაგებობები. შესაბამისად, შეიცვალა არა მხოლოდ გზების ხარისხი, არამედ მათი ექსპლუატაციისა და მართვის მოთხოვნებიც.
,,დღეს თანამედროვე ავტომაგისტრალი აღარ არის მხოლოდ გზის საფარი. ის წარმოადგენს რთულ საინჟინრო სისტემას, რომელიც მოიცავს გვირაბებს, ხიდებს, უსაფრთხოების და მონიტორინგის სისტემებს და სხვა ინფრასტრუქტურულ ელემენტებს. ასეთი სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირება საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს, პრევენციულ მოვლასა და სწრაფ ოპერატიულ რეაგირებას. ჩვენთვის მთავარი არის, რომ მოხდეს გარკვეული პროცესების პრევენცია იმიტომ რომ ეს სახელმწიფოს გაცილებით იაფი დაუჯდება, ვიდრე შემდეგში შედეგების გამოსწორება ’’-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრმა, ასევე ისაუბრა ტენდერების ნაწილზე და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, როდესაც კონკრეტული გზების მოვლა-შენახვის ტენდერს კონკრეტული კომპანიები იგებდნენ, თუმცა სამუშაოებს არაჯეროვნად ასრულებდნენ.
„ტენდერებში გვყავდა თითო მონაწილე, ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ამა თუ ამ რეგიონში გზების მოვლის შესყიდვებში იგებს ესა თუ ის კომპანია, ეს კომპანიები არ ზრუნავენ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე. გინახავთ, ალბათ, როგორი მანქანებით ხდება თოვლის გაწმენდა, მათ შორის, ცენტრალურ მაგისტრალებზე. ჩვენ არ გვინდა, რომ 70-იან წლებში გამოშვებული მანქანებით ხდებოდეს მრავალმილიარდიანი აქტივების მოვლა-შენახვა, იმიტომ რომ ჩვენ ამ წლების განმავლობაში შევქმენით მართლაც მრავალ მილიარდიანი აქტივი და ეხლა არის დრო, რომ ამ აქტივს მოვუაროთ’’-განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მისივე თქმით, რეფორმის ფარგლებში მოხდება თანამედროვე, ახალი ტექნიკის შეძენა, კერძოდ, 120 ერთეულამდე. ამისთვის გარკვეული თანხაა გამოყოფილი.
,,სახელმწიფო ვერ მოუვლის 6 ათას კილომეტრს, ჩვენ აქეთკენ არ მივდივართ, ჩვენი მაგისტრალის ცენტრალურ ხერხემალზე სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი. ამავდროულად, ყველანაირ პირობას შევქმნით იმისთვის, რომ კერძო კომპანიებმა შეიქმნან მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მათ შესაბამისი და სწორი ანაზღაურების სისტემის პირობებში, რომელიც კონკრეტულ ინდიკატორებზე იქნება დამოკიდებული, მოუარონ გზებს, თუ არ მოუვლიან, შესაბამისად ჩვენი რეაქცია იქნება ისეთი, როგორიც სხვა შემთხვევებში გვაქვს “ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმში მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგა
12.06.2026.14:13
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა (PBoC) და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მიერ შანხაიში ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო სიმპოზიუმში „გლობალურ ფინანსურ გაურკვევლობაში ორიენტირება: მიმდინარე პროცესები ფინანსურ ბაზრებზე, საინვესტიციო სტრატეგიები და საერთაშორისო სავალუტო სისტემა“ მთავარი მომხსენებლის სტატუსით გამოვიდა.
სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 30-მდე ცენტრალური ბანკისა და მონეტარული ორგანოს პრეზიდენტები და მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის - საფრანგეთის, გერმანიის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს, სინგაპურის, ჰონგ კონგის, ბრაზილიის, არგენტინის, ინდონეზიის, საუდის არაბეთისა და კატარის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.
მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება ემსახურება მაღალი დონის პლატფორმის შექმნას, სადაც ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები იმსჯელებენ გლობალურ მაკროეკონომიკურ და ფინანსურ პროცესებზე, რეზერვების მართვის თანამედროვე სტრატეგიებზე, საერთაშორისო მონეტარული სისტემის განვითარების პერსპექტივებსა და ფინანსური ბაზრების მიმდინარე და გრძელვადიან ტენდენციებზე.
სიმპოზიუმის პირველ სესიაზე - „გლობალური მაკროეკონომიკური და ფინანსური ბაზრების განვითარება“, ნათია თურნავამ მიმოიხილა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები, საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე გეოპოლიტიკური პროცესების გავლენა და ცენტრალური ბანკების რეზერვების მართვის თანამედროვე გამოწვევები.
სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გლობალური საინვესტიციო გარემო გეოპოლიტიკური დაძაბულობის, სავაჭრო ფრაგმენტაციისა და მაკროეკონომიკური გაურკვევლობის ზრდის ფონზე კიდევ უფრო კომპლექსური ხდება.
„გრძელვადიანმა სავაჭრო დაძაბულობამ, სამხედრო კონფლიქტებმა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში, ასევე მიწოდების ჯაჭვების გლობალურმა შეფერხებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ბაზრების ცვალებადობა და საინვესტიციო რისკები. დღეს გეოპოლიტიკური მოვლენები უკვე მხოლოდ გარე რისკები აღარ არის - ის ეკონომიკურ ცვლადებად იქცა, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ინფლაციაზე, კაპიტალის ნაკადებზე, სავალუტო კურსებსა და საინვესტიციო სტრატეგიებზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება სავალუტო რეზერვების მართვის საკითხს დაუთმო და აღნიშნა, რომ მზარდი გეოპოლიტიკური რისკების პირობებში უსაფრთხოება რეზერვების მართვის უმთავრეს პრიორიტეტად იქცა. მისი შეფასებით, ოქროს მიმზიდველობა გაიზარდა, რადგან რეზერვების მმართველები ეძებენ ისეთ აქტივებს, რომლებიც ნაკლებადაა დამოკიდებული სუვერენულ და გეოპოლიტიკურ რისკებზე.
მისივე თქმით, მსოფლიოში სარეზერვო პორტფელების დივერსიფიკაციის ტენდენცია თვალსაჩინოა, ასევე შეიმჩნევა აზიური კაპიტალის ბაზრების მზარდი მიმზიდველობა.
„ცენტრალური ბანკებისთვის რეზერვების მართვის სამი ძირითადი პრინციპი არსებობს - უსაფრთხოება, ლიკვიდობა და მომგებიანობა. ბოლო წლებში უსაფრთხოების მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა. სწორედ ამიტომ, მრავალი ცენტრალური ბანკი ცდილობს გააძლიეროს პორტფელების მდგრადობა და გაზარდოს დივერსიფიკაცია როგორც ვალუტების, ისე აქტივების კლასების მიხედვით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ოქროში განხორციელებულმა ინვესტიციებმა მნიშვნელოვნად დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოს საერთაშორისო რეზერვების შემოსავლიანობაზე. მისივე განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების განთავსებისთვის ბაზრების გეოგრაფიულ და სავალუტო დივერსიფიკაციას ახორციელებს და ამ კონტექსტში, ტრადიციული ბაზრების პარალელურად, აზიური ბაზრები და ვალუტები მზარდ ინტერესს წარმოადგენს.
ნათია თურნავას განმარტებით, ასეთ გარემოში რისკების დისციპლინირებული მართვა, თანმიმდევრულობა და მოქნილობა, შესაძლოა, გრძელვადიანი საინვესტიციო წარმატების ყველაზე მნიშვნელოვან განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის აღმოჩნდეს.