ComCom-ის მედიააკადემია ნატა ასათიანის მასტერკლასს იწყებს
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის „მასტერკლასს" ონლაინ ლექციების კიდევ ერთი სერია დაემატა, რომლის ავტორიც საჯარო გამოსვლის სპეციალისტი და ფსიქოლოგი ნატა ასათიანია. მასტერკლასი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გახდეს წარმატებული პრეზენტატორი და გამოიმუშაოს საჯაროდ საუბრის უნარი.
მასტერკლასის ფარგლებში, ნატა ასათიანი მსმენელს სტრესის დაძლევის გზებს, ყურადღების მიპყრობის მექანიზმებს, აუდიტორიის შესწავლის მეთოდებს, ასევე, არავერბალური კომუნიკაციის ეფექტურად და დამაჯერებლად გამოყენების ტექნიკებს საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით უზიარებს.
მედიააკადემიის "მასტერკლასი" ნატა ასათიანი ერთად, მედიის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე 14 ავტორის ლექციებს აერთიანებს. მათ შორის არიან: რეპორტიორი დავით კაკულია, პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძე, პროდიუსერი ნოე სულაბერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, ჟურნალისტი ეკა ბერიძე, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, ჟურნალისტი თამთა სანიკიძე, ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი, ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილი, პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია, ჟურნალისტი მაკა ანთიძე, ასევე, ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე და BBC-ის ხარისხის მართვის მენეჯერი, ნათია აბრამია.
შეგახსენებთ, რომ „მასტერკლასი" მედიააკადემიის იუთუბ არხზეა განთავსებული და დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, საჭირო ცოდნა სრულიად უფასოდ, პროფესიონალი ავტორებისგან მიიღონ. ონლაინ ლექციებს კი, დაწყების დღიდან, უკვე ორი მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ნახვა აქვს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.