ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსი მეათედ გამოაცხადა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეათედ გამოაცხადა. კონკურსი აქსელერაციის ერთკვირიან პროგრამას წარმოადგენს და მიზნად ახალბედა ციფრული მეწარმეების აღმოჩენას, მათი იდეების გაუმჯობესებას და პროდუქტად გარდაქმნაში ხელშეწყობას ისახავს. „იდეადრომში“ მონაწილეობა შეუძლიათ სტარტაპერებს, რომლებიც ციფრული კომუნიკაციის, ხელოვნური ინტელექტის, კიბერ-უსაფრთხოების, ყალბი ინფორმაციისგან თავდაცვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით მუშაობენ.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ სამი სრულწლოვანი მონაწილისგან. მიღებული განცხადებების საფუძველზე შეირჩევა 5 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში ინტენსიურ სასწავლო პროგრამას გაივლიან. სამუშაო შეხვედრებს დარგის წამყვანი სპეციალისტები გაუძღვებიან, რომლებიც მონაწილეებს თავიანთ ცოდნასა თუ გამოცდილებას გაუზიარებენ და იდეების დახვეწაში დაეხმარებიან. ერთი კვირის განმავლობაში სტარტაპერები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: იდეის შემოწმება, პროტოტიპის შექმნა, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბება, გუნდის მართვა, ასევე, იდეის ეფექტიანად წარდგენა და სტარტაპის მართვისთვის აუცილებელი ფინანსური თუ იურიდიული საკითხები. საგულისხმოა, რომ პროგრამა მონაწილეებს აძლევს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც რეალურ ბიზნეს გარემოში სტარტაპის წარმატებისთვის გადამწყვეტია. ინტენსიური სამუშაო კვირის დასასრულს გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც 10 000 ლარიან საპრიზო ფონდს გაინაწილებენ.
იდეადრომში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და მოამზადონ 1 წუთიანი ვიდეოპრეზენტაცია, რომელშიც თავიანთ იდეას ან პროდუქტს წარმოადგენენ. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 8 მაისი, ხოლო ტრენინგები 12-17 მაისის პერიოდში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ „იდეადრომი“ 9-ჯერ, წარმატებით ჩატარდა, ხოლო კონკურსის არაერთმა გამარჯვებულმა საკუთარი პროდუქტის გატანა უკვე საერთაშორისო ბაზარზეც შეძლო.
სხვა სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება - ალექსანდრე დარახველიძე
26.08.2026.14:02
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო ზრუნავს იმაზეც, რომ ნებისმიერი ისეთი პიროვნება, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის უსაფრთხოებას, დროულად გამოვლინდეს და არ დაიშვას სახელმწიფო საზღვარზე.
„მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია იმის შეახებ, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას. ზოგადად, ზაფხულის პერიოდში გაზრდილია მგზავრთა ნაკადები ტურისტული სეზონის გამო. მონაცემი, რომელსაც კონკრეტული მედიასაშუალებები ეყრდნობა, მოიცავს როგორც მგზავრთა საქართველოში შემოსვლის, ისე გასვლის მაჩვენებელს. უნდა აღინიშნოს, რომ გასვლის მაჩვენებელი აღემატება შემოსვლის მაჩვენებელს. აღნიშნული ციფრით ხდება საზოგადოების მანიპულირება, თითქოს უკავშირებენ, რომ ეს არის რუსეთის მოქალაქეების საერთო რაოდენობა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მონაცემი შეიცვას როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ჯამურ მაჩვენებელს.
მსურს საზოგადოება დავამშვიდო და ვუთხრათ, რომ მონაცემები, რომელიც სპეკულაციურად ვრცელდება, არაა დაკავშირებული რაიმე ტიპის საფრთხესთან. შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, რომ ნებისმიერი ისეთი პიროვნება, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის უსაფრთხოებას, დროულად გამოვლინდეს და არ დაიშვას სახელმწიფო საზღვარზე. მოვუწოდებ საზოგადოებას, გადაამოწმონ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებთან და ენდონ იმ მონაცემებს რომელსაც სპეკულაციურად და მანიპულაციურად ავრცელებს ზოგიერთი მედიასაშუალება“, - აღნიშნა დარახველიძემ.