ComCom-ის თავმჯდომარე რადიოების წარმომადგენლებს შეხვდა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, გოგა გულორდავა და ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძე რადიომაუწყებლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა მიზნად ბაზარზე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების განხილვას ემსახურებოდა. ComCom-ის თავმჯდომარემ რადიომაუწყებლების წარმომადგენლებს მიმდინარე აქტუალური თემების შესახებ კომისიის მიდგომები და პოზიციები გააცნო. გოგა გულორდავამ აღნიშნა, რომ კომისიისთვის მნიშვნელოვანია რადიოებთან მჭიდრო თანამშრომლობა, იმისთვის, რომ მათ საჭიროებებს დეტალურად გაეცნოს. მისივე თქმით, მსგავსი ფორმატები, რადიო ბაზართან ერთად, რადიომსმენელების ინტერესებზე პოზიტიურად აისახება.
შეხვედრის ფარგლებში, რადიომაუწყებლების წარმომადგენლებმა მათთვის აქტუალურ თემებზე, მათ შორის, სარეკლამო ბაზრისა და საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ისაუბრეს. კომისიის თავმჯდომარემ რადიოებს წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით, ComCom-ის მხრიდან, საკონსულტაციო რეჟიმში ჩართულობის მზაობა, კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
რადიომაუწყებლებთან აღნიშნული სამუშაო შეხვედრა კომუნიკაციების კომისიის ინიციატივით გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი პირველი შეხვედრა კომისიის თავმჯდომარემ ტელემაუწყებლებთან გამართა, რომლის ფარგლებშიც, ტელემაუწყებლების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მედიაგარემოში არსებული აქტუალური საკითხები განეხილათ და კითხვებზე პასუხები თავმჯდომარისგან მიეღოთ.
სხვა სიახლეები
ComCom-ისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შორის მედიისა და ელექტრონული კომუნიკაციების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
06.10.2026.14:35
კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებსა და ამერიკელ ექსპერტ შეინ თიუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კომუნიკაციებისა და მედიის მარეგულირებლების ცვალებადი როლი იყო. შეინ თიუსი საკონსულტაციო კომპანია „ლოგან სერქლ სტრატეჯიზის“ (Logan Circle Strategies) პრეზიდენტი და „ამერიკული მეწარმეობის ინსტიტუტის“ (American Enterprise Institute) უფროსი მკვლევარია. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ციფრული ეკონომიკა, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ინტერნეტის მმართველობა, მონაცემთა დაცვა და ახალი ტექნოლოგიები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ელექტრონული კომუნიკაციებისა და მედიის სექტორებში არსებულ გლობალურ ტენდენციებსა და ახალ პრიორიტეტებს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს, რა შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ქმნის ხელოვნური ინტელექტისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარება მომხმარებლების, სატელეკომუნიკაციო ოპერატორების, მედიამომსახურების მიმწოდებლებისა და მარეგულირებელი ორგანოებისთვის.
დისკუსია შეეხო ხელოვნური ინტელექტის მართვასა და ამ მიმართულებით ტელეკომუნიკაციებისა და მედიის მარეგულირებელი ორგანოების როლს, ასევე ტელეკომუნიკაციების, კონკურენციის, მონაცემთა დაცვის, მომხმარებელთა დაცვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში მოქმედ უწყებებს შორის კოორდინაციას.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ეფექტიან რეგულირებასა და ინოვაციას, ინვესტიციებსა და კონკურენციას შორის ბალანსზე. საუბარი შეეხო ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ კიბერუსაფრთხოების რისკებსა და სატელეკომუნიკაციო ქსელების მდგრადობას.
დისკუსიის ფარგლებში განიხილეს აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული მარეგულირებელი მიდგომები და პრაქტიკული გამოცდილება.
დასასრულს, სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს როლზე გლობალურ ციფრულ გარემოში, ქვეყნის პოტენციურ კონკურენტულ უპირატესობებსა და სტრატეგიული განვითარების შესაძლებლობებზე.