ComCom-ის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ EPRA-ს 64-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 64-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე განიხილეს თანამედროვე მედიაგარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა - მედიის მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირება, მისი გავლენა საინფორმაციო გარემოზე და ამ გამოწვევაზე მარეგულირებელი ორგანოების რეაგირების გზები.
თემატური სესიების ფარგლებში მონაწილეებმა მედიის მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცების, ციფრული პლატფორმების როლისა და არსებულ გამოწვევებზე რეაგირებისთვის ეფექტიანი მარეგულირებელი სტრატეგიების შემუშავების საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრისას მონაწილეებმა გააზიარეს მედიის მიმართ ნდობისა და ონლაინ სივრცეში არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებული პრაქტიკული მაგალითები, მიმოიხილეს EPRA-ს თემატური სამუშაო ჯგუფების საქმიანობა და ასევე, იმსჯელეს პლატფორმის 2027–2029 წლების სტრატეგიაზე. გაიმართა დისკუსია EPRA-ს მუდმივი დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.
EPRA-ს 64-ე შეხვედრა, რომელიც ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაიმართა, წევრ მარეგულირებელ ორგანოებსა და პლატფორმის დამკვირვებლებს შორის აუდიოვიზუალურ სფეროში სიახლეებისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე თანამშრომლობის საკითხების განხილვას ემსახურებოდა. შეგახსენებთ, რომ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმა (EPRA) მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ქსელია, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა და 47 ქვეყნის 56 მარეგულირებელ ორგანოს აერთიანებს. საქართველო EPRA-ს ქსელს 2013 წელს შეუერთდა.
სხვა სიახლეები
საქართველოში 2026 წლის მესამე კვარტალში 2652 კონცენტრაცია დარეგისტრირდა
16.10.2026.12:04
წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 2026 წლის მესამე კვარტალში განხორციელებულ ოთხ კონცენტრაციასთან მიმართებით შესაძლო წინასწარი შეტყობინების ვალდებულების არსებობა გამოავლინა.
აღნიშნულ პერიოდში, ქვეყანაში 2652 ტრანზაქცია დარეგისტრირდა. მათ შორის 2641 შემთხვევა არ აკმაყოფილებდა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს, ხოლო 11 შემთხვევა შეფასდა კონცენტრაციად და დააკმაყოფილა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელი კრიტერიუმი ერთობლივი წლიური შემოსავლების ნაწილშიც.
აღნიშნული 11 შემთხვევიდან 7 მოექცა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, რამაც ისინი სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლა. რაც შეეხება დარჩენილ 4 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, არსებობდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულება, შესაბამისად, 4 შეთხვევის მიმართ საქმის წარმოება დაიწყო.
GCCA-მ 2026 წელს 12 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა.
ინფორმაციისთვის: საქართველოს კანონმდებლიბის მიხედვით, GCCA-სთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მლნ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მლნ ლარზე მეტია.