ComCom-ის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ პარლამენტში 2025 წელს სატელეკომუნიკაციო სექტორში არსებული ტენდენციები წარადგინა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის წარდგენისას მან ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სექტორებში 2025 წელს განვითარებული ტენდენციები მიმოიხილა.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, 2025 წელს ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტორიზებული პირების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 1,855 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 120 მლნ ლარით მეტია. მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობა 6.43 მლნ იყო, მათ შორის 1.68 მლნ იურიდიული პირი აბონენტი, ხოლო 4.75 მლნ - ფიზიკური პირი აბონენტი. მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაციამ 169% შეადგინა.
აბონენტების რაოდენობის მიხედვით, 2025 წელს მობილური ოპერატორების საბაზრო წილები შემდეგნაირად განაწილდა: „მაგთიკომი“ - 41%, „სილქნეტი“ - 36%, „სელფი მობაილი“ - 23%, ხოლო მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორ „ეკლეკტიკის“ წილმა 0.4% შეადგინა. ერთი აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავალი (ARPU) 14.8 ლარი იყო.
გულორდავას განცხადებით, მობილური ინტერნეტით 2025 წელს 5.1 მლნ აბონენტი სარგებლობდა, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით ნახევარი მილიონით მეტია. ბოლო ხუთ წელიწადში მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის საშუალო წლიურმა ზრდამ 8.2% შეადგინა.
ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 1,212,000 შეადგინა - 54,000-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის პენეტრაცია შინამეურნეობებში 95.8% იყო. ქვეყნის 3,385 სოფლიდან ფიქსირებული ინტერნეტი 2,583 სოფელში იყო ხელმისაწვდომი.
მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობამ 803 ათასი შეადგინა. ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, ამ აბონენტების რაოდენობის საშუალო წლიური ზრდა 2.75%-ია. მაუწყებლობის ტრანზიტის ყველაზე გავრცელებულ ტექნოლოგიად კვლავ IPTV რჩებოდა, რომლის წილი 87% იყო.
რაც შეეხება მაუწყებლობის სექტორს, 2025 წელს 108 ავტორიზებული სატელევიზიო სამაუწყებლო არხი, 46 ლიცენზირებული და 12 ავტორიზებული რადიომაუწყებელი იყო. ასევე, ქვეყანაში 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელი საქმიანობდა. მაუწყებლების ჯამურმა სარეკლამო შემოსავლებმა 109 მლნ ლარი შეადგინა, მათ შორის სატელევიზიო კომერციული რეკლამის შემოსავალი 100 მლნ ლარი, ხოლო რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი - 7.7 მლნ ლარი იყო.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს სატელეკომუნიკაციო დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში სულ 643,842,117 ლარი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით 150 მლნ ლარით მეტია. მაუწყებლების მიერ გადასახადების სახით გადახდილმა თანხამ 47,200,867 ლარი შეადგინა, ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტორიზებული პირების მიერ შეტანილმა თანხამ - 470,768,047 ლარი, ლიცენზირებიდან მიღებულმა შემოსავალმა - 125,816,349 ლარი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმის სახით ბიუჯეტში 56,854 ლარი ჩაირიცხა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს შეხვდა
22.09.2026.17:03
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს, ელიზაბეტა ფალჩეტის, რომელიც საქართველოში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, თომას კაირისმა, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს დაიკავა.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და EBRD-ის დელეგაციის წევრები.
ლაშა ხუციშვილმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოში მხარდაჭერილი პროექტებისთვის, განსაკუთრებით, კერძო სექტორში.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიმდინარე ტენდენციები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სუვერენული და კერძო სექტორის პროექტების მიმართულებით.