ComCom-ის თავმჯდომარემ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ კოლეგა მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციის გახსნით სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც, კომუნიკაციების კომისიის ის პროექტები მიმოიხილა, რომლებიც სატელეკომუნიკაციო სექტორში მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფისა და მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით ქვეყანაში ხორციელდება.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კონფერენციის ფარგლებში, სატელეკომუნიკაციო ბაზრის ტენდენციები შეაჯამა და მობილური აბონენტების, მობილური ინტერნეტის მომსახურებებისა და ინტერნეტის მოხმარების ზრდაზე გაამახვილა ყურადღება. „კომუნიკაციების კომისიის ყველა პროექტი მომხმარებლების ინტერესებზეა ორიენტირებული. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიის მთავარი პრიორიტეტია მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, როგორც სატელეკომუნიკაციო სერვისების განვითარების, ისე მათთვის ხელმისაწვდომი პირობების შექმნის კუთხით.“ - განაცხადა გოგა გულორდავამ.
სიტყვით გამოსვლისას თავმჯდომარემ ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის განვითარებასა და მობილური მომსახურებების ხარისხის მონიტორინგზე. ამას გარდა, გულორდავამ ქვეყნის ინტერნეტიზაციის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებსა და „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ შედეგებზეც ისაუბრა. მან ასევე ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის განვითარების მიზნით მიმდინარე კომპლექსური კვლევის წინასწარი შედეგები და კვლევით განსაზღვრული შემდგომი მიმართულებები მიმოიხილა. კომისიის თავმჯდომარე მედიაგარემოში არსებულ გამოწვევებს, მედიის შინაარსობრივ სტანდარტებსა და სარეკლამო კომუნიკაციებთან დაკავშირებულ საკითხებსაც შეეხო და საზოგადოების ინტერესების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით არსებული შედეგები შეაჯამა და მედიაწიგნიერების განათლებაში ინტეგრირების პროცესზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ტარდება. ყოველწლიური კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის შემდგომი გაძლიერება, ამ სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება საერთაშორისო და ადგილობრივი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.