ComCom-ის თავმჯდომარემ WSIS 2026 სამიტში მიიღო მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ ComCom-ის დელეგაციასთან ერთად, ჟენევაში გამართულ ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS) 2026 წლის ფორუმსა და “AI for Good” გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ღონისძიება ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU), გაეროს სააგენტოებისა (UNESCO, UNCTAD, UNDP) და შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებებში კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ComCom-ის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა ნინო გრძელიშვილმა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
„აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, 120-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 2025 წლის WSIS+20 ფარგლებში მიღებული რეზოლუციით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების პროგრესი შეაფასეს და მიმოიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: უნივერსალური დაკავშირებადობა, ხელოვნური ინტელექტი, ციფრული საჯარო ინფრასტრუქტურა, კიბერუსაფრთხოება, ციფრული ინკლუზია, ონლაინ სივრცეში არსებული რისკები, დეზინფორმაცია, ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, მომხმარებლებსა და ადამიანებზე ორიენტირებული ციფრული მომავალი და სხვა.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ მონაწილეობა მიიღო მარეგულირებელი ორგანოების თავმჯდომარეების მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაც მარეგულირებლების 26-ე გლობალური სიმპოზიუმის დროს მიღებული საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპების (GSR-26 Best Practice Guidelines) პრაქტიკაში დანერგვა და მმართველობის ინოვაციური სტრატეგიების შემუშავება იყო. ComCom-ის თავმჯდომარემ ასევე შეხვედრა გამართა ნელე ლეოსკისთან, რომელიც ესტონეთის სახელით, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) განვითარების ბიუროს დირექტორობის კანდიდატია.
WSIS ფორუმის ფარგლებში, კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის (EaPeReg) სახელით მონაწილეობა მიიღო ციფრული რეგულირების ქსელის (DRN) თანაორგანიზებით გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, რომელიც 5G ტექნოლოგიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული უნარებისა და განათლების, ასევე ახალი და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების განხილვას დაეთმო.
ეკატერინე იმედაძე მომხსენებლის სტატუსით შეუერთდა და საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა ასევე მაღალი დონის „ლიდერების TalkX“ სესიაზე, რომლის ფარგლებშიც მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ერთმანეთს ტექნიკური ექსპერტიზა და საერთაშორისო, ეროვნული და ინსტიტუციური პრაქტიკა გაუზიარეს, ასევე განიხილეს ციფრული ტრანსფორმაციის ხელშემწყობი, სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოები და იმსჯელეს ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორებიცაა: ციფრულ სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, ონლაინ გარემოში მომხმარებელთა უფლებების დაცვა და სხვა.
კომისიის წევრი ასევე სიტყვით წარდგა GovStack-ის ციფრული ლიდერების ფორუმზე, რომელიც მიზნად ინკლუზიური და ხელმისაწვდომი ციფრული საჯარო ინფრასტრუქტურის შექმნისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, ქალთა როლის გაძლიერების საკითხების მიმოხილვას ისახავს. ამასთან, ComCom-ის წევრმა მონაწილეობა მიიღო ქალი მინისტრებისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ლიდერი ქალების სესიაშიც, რომელიც გენდერული და ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრისა და ქალთა შესაძლებლობების განვითარების საკითხებს მიეძღვნა.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტი (WSIS) წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის მთავრობების, მარეგულირებლების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, აკადემიურ წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ინდუსტრიის ლიდერებს აერთიანებს. სამიტი მიზნად ისახავს, 2003 წლის ჟენევის სამოქმედო გეგმისა და გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის (SDG) ფარგლებში ITU-ს წევრი სახელმწიფოების მიერ მიღწევების, ძირითადი ტენდენციების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას და ასევე საერთაშორისო ციფრული თანამშრომლობის ხელშეწყობას. მიმდინარე წლის WSIS-ის ფორუმი ITU-ს 2026 წლის “AI for Good” საერთაშორისო სამიტსა და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ორგანიზებული ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ საერთაშორისო დიალოგთან ერთად გაიმართა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლონდონის საფონდო ბირჟისა და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა
09.07.2026.12:06
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე ლონდონის საფონდო ბირჟის ევროპის მიმართულების ხელმძღვანელს აიუნა ნეჩაევას და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და წარმატებული მონეტარული პოლიტიკა, ასევე იმსჯელეს კაპიტალის ბაზრის განვითარების, ინვესტორებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს წარმოჩენისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ლონდონის საფონდო ბირჟას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
ეკატერინე მიქაბაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობს ხელს ფინანსური ბაზრების განვითარებას, გამჭვირვალობისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას, რაც ქვეყნის კაპიტალის ბაზრის შემდგომი გაძლიერებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ქართული კომპანიები წარმატებით არიან წარმოდგენილნი ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რაც ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარებისა და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ინტეგრაციის მნიშვნელოვანი დასტურია. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს ბანკის მიერ FTSE 100 ინდექსში გაწევრიანებას, რაც საქართველოს კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა.
მხარეებმა მომავალში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები.