ComCom-ის წარმომადგენლებმა საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის (IGF) რიგით მეცხრე ფორუმში მიიღეს მონაწილეობა და ქვეყნის ციფრული პოტენციალის, 5G ინტერნეტისა და მედიაწიგნიერების განვითარების შესაძლებლობებზე, ასევე, ამ მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ფორუმი მისასალმებელი სიტყვით ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, გურამ გურამიშვილთან და USAID საქართველოს კერძო სექტორის განვითარების უფროს მრჩეველთან, დავით წიკლაურთან ერთად გახსნა. თავის სიტყვაში, ComCom-ის წევრმა ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება, პრიორიტეტულია.
გახსნითი ნაწილის შემდგომ, გაიმართა პანელური სესიები. სესიაში "საქართველო საერთაშორისო ინტერნეტ შეერთების გასაყარზე და ინტერნეტ ფრაგმენტაციის ახალი გამოწვევები" კომუნიკაციის კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე მონაწილეობდა. სიტყვით გამოსვლისას, ეკატერინემ იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბებას უკავშირდება. კერძოდ, განიხილა საერთაშორისო დაკავშირებადობისა და ციფრული დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, რეგიონში არსებული ახალი საჭიროებები, რომლებიც საქართველოსთვის აჩენს პოტენციალს, შავი ზღვის გავლით, დამაკავშირებელი ციფრული დერეფანი გახდეს. თავის სიტყვაში, ComCom-ის წევრმა კომუნიკაციების კომისიის როლზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აღნიშნული სტრატეგიული მიზნის განხორციელებისთვის, კომისია ტელეკომ სექტორის გახსნასა და ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებაზე აქტიურად მუშაობს.
"ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარება" ღონისძიების კიდევ ერთი პანელის თემა იყო, რომელსაც მოდერაცია ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ გაუწია და რომელიც 5G ინტერნეტის, ვირტუალური მობილური ოპერატორების, ასევე, ინფრასტრუქტურის გაზიარების კანონისა და ინტერნეტის გაცვლის ცენტრის მდგომარეობის შეფასებას და განვითარების შესაძლებლობების განხილვას ემსახურებოდა. პანელზე სხვა გამომსვლელებთან ერთად, ComCom-ის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი, ეკა სიჭინავა მონაწილეობდა, რომელმაც საქართველოში მობილური ბაზრის განვითარების ტენდენციები და 5G ქსელებისა და ვირტუალური ოპერატორების განვითარების პერსპექტივები შეაფასა.
ფორუმის ფარგლებში, გაიმართა კიდევ ერთი პანელური სესია ციფრული წიგნიერების სწავლების შესახებ, სადაც საქართველოში ციფრული წიგნიერების სწავლების შედეგები და გამოწვევები, აკადემიური საფეხურის კიბერგანათლება და ციფრული მოქალაქეობის ინდექსის საკითხები განიხილებოდა. სესიაში კომუნიკაციების კომისიის წევრი, ნათია კუკულაძე მონაწილეობდა, რომელმაც ამ მიმართულებით ComCom-ის მიერ განხორციელებული სამუშაოები და მიღწეული შედეგები მიმოიხილა. კერძოდ, საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის მიღწევებსა თუ სამომავლო გეგმებზე და განაცხადა, რომ ComCom-მა პროექტის ფარგლებში 600 პედაგოგი მედიაწიგნიერების სწავლებაში გადაამზადა, ასევე, შეიმუშავა სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო, რის შემდეგაც, 2023 წლის სასწავლო წლიდან, სკოლებში მედიაწიგნიერება არჩევით საგნად შევიდა. ნათია კუკულაძემ აღნიშნა ისიც, რომ ComCom-ისთვის პრიორიტეტულია განათლების ყველა საფეხურზე სისტემური მიდგომა, რის გამოც, კომისია პროექტის მხარდაჭერას აგრძელებს და მედიაწიგნიერების უმაღლეს განათლებაში ინტეგრირების მიმართულებით მუშაობს. თავის სიტყვაში, ComCom-ის წევრმა ამ თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობებიც მიმოიხილა.
საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი მიზნად ინტერნეტ-მმართველობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ საჯარო კონსულტაციების პროცესის ხელშეწყობას, ასევე, აღნიშნული მიმართულებით, დაინტერესებული მხარეების ჩართულობასა და ადგილობრივი გამოწვევების იდენტიფიცირებას ისახავს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.