ComCom-მა პროგრამირების სახელმძღვანელო „გამარჯობა რუბი“ ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომი გახადა
კომუნიკაციების კომისიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, კომპიუტერული მეცნიერებების შესახებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი წიგნი - „გამარჯობა რუბი“, ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომი გახადა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, „გამარჯობა რუბის“ წიგნების ავტორმა, ლინდა ლიუკასმა, 20 პედაგოგი „გამარჯობა რუბის“ წიგნით სწავლების მეთოდებისა და მიდგომების შესახებ გადაამზადა. გადამზადებულმა ტრენერებმა კი, მთელი საქართველოს მასშტაბით, კომპიუტერული ტექნოლოგიების 800-ზე მეტი მასწავლებლისთვის, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებისთვის, 50-მდე ვებინარი ჩაატარეს. პედაგოგებს ვებინარის შემდგომ „გამარჯობა რუბის“ სახელმძღვანელო და დამხმარე რესურსები გადაეცემათ, რომელთა საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირებას 2024 წლის სასწავლო წლიდან შეძლებენ.
ComCom-მა ინიციატივის ფარგლებში ასევე შეიმუშავა „გამარჯობა რუბის“ წიგნით სწავლების მეთოდოლოგიის მოდული, რომელშიც დეტალურად არის მითითებული თითოეულ თავთან დაკავშირებული ინფორმაცია, სწავლების პრინციპები, წიგნის ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობები და მასწავლებლების მიერ „გამარჯობა რუბის“ სავარჯიშოებზე დაყრდნობით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისია წიგნების საგაკვეთილო პროცესში დანერგვის მიზნით, მასწავლებლების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, ევროკომისიის მიერ ციფრულ ელჩად აღიარებული და „გამარჯობა რუბის“ წიგნების ავტორი, ლინდა ლიუკასი, 2019 და 2023 წლებში საქართველოს ეწვია. ვიზიტების ფარგლებში კი, კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგები და ტრენერები „გამარჯობა რუბის“ სახელმძღვანელოს გამოყენებით, პროგრამირების სწავლების თანამედროვე მეთოდების შესახებ გადაამზადა.
„გამარჯობა რუბი“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერების საწყისების წიგნების სერიაა, რომელიც 36 ქვეყანაშია აღიარებული და თარგმნილი. საგულისხმოა ისიც, რომ წიგნები ნიუ-იორკის სკოლების სასწავლო პროგრამაშია შეტანილი. კომუნიკაციების კომისიამ 2019 წელს წიგნების ქართულ ენაზე გამოცემის ლიცენზია მოიპოვა, რის შემდეგაც 17 500 სახელმძღვანელო გამოიცა. დღეის მონაცემებით კი, აღნიშნული რესურსით საქართველოს 100-მდე სკოლის 10 000-ზე მეტი მოსწავლე კომპიუტერული მეცნიერებების საწყისებს სწავლობს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.