ComCom-მა „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა
ComCom-მა „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა. ComCom-მა „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
„კერძოდ, ორგანიზაციამ და ალექსანდრე ზიბზიბაძემ კომისიას მიმართეს საჩივრით, რომელიც „ტელეიმედის“ გადაცემაში „იმედის კვირა“, ასევე მაუწყებლის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში მათ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.
მომჩივანის შეფასებით, „ტელეიმედი“ ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის შესახებ ავრცელებდა უზუსტო, ცრუ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, ამასთან, მომჩივანი „ტელეიმედისგან“ ითხოვდა პასუხის უფლებას, თუმცა, მაუწყებელმა აღნიშნული მოთხოვნა დაუსაბუთებლობის მიზეზით არ დააკმაყოფილა.
ComCom-ის მიერ შესწავლილი გარემოებების მიხედვით, გადაცემა ეხება ორგანიზაციის საქმიანობას, ასევე, ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გრანტის სახით გაცემული თანხისა და მისი შემდგომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის, „საქართველოს მომავლის აკადემიაზე“ განაწილებას და თანხის გამოყენებას. ამასთან, სიუჟეტში გადმოცემულია „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და მისი დამფუძნებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოძიება, გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებები, გამოძიების შედეგები და დასკვნები, და არა ფაქტები.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მათი ფორმის, შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით წარმოადგენს არა ფაქტებს, არამედ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაკეთებულ ბრალდებებს, რომლებზეც არ ვრცელდება გადაცემული ფაქტების მიმართ დადგენილი ჯეროვანი სიზუსტის დაცვის მოთხოვნა. შესაბამისად, ComCom-მა „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრები არ დააკმაყოფილა", - აღნიშნულია კომისიის ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.