დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო GCCA-მ მოვაჭრეები დააჯარიმა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2024 წლის მაისის თვეში, 2 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა. საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ - თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
კერძოდ, სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შესრულდა. შესაბამისად, შპს “იმ ჯგუფს“ - 600 ლარი, ხოლო შპს ,,გრანდ ლაითს” - 5603, 12 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.
სააგენტო განმარტავს, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
ინფორმაციისთვის: დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
2023 წლიდან დღემდე, სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 34 მოვაჭრე დაჯარიმდა, ჯამში - 38 000 ლარამდე. მომხმარებლის სასარგებლოდ, ანაზღაურდა, დაახლოებით, 500 000 ლარამდე
2024 წლის იანვარი - აპრილის თვის მონაცემებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 50 საქმეზე - 46 შეთანხმება გაფორმდა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.