დამოუკიდებლობის დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქუთაისში მრავალფეროვანი პროგრამით აღნიშნავს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება წელს ქალაქ ქუთაისში გაიმართება.
მიმდინარე წელს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან უკავშირდება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს, რაც ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურისა და სულიერი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, მედეა ჯანიაშვილი დაესწრება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქუთაისში ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროგრამა დახვდებათ. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დილის 11:00 საათიდან სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში თემატური, შემეცნებითი, საბავშვო გასართობი, სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები ამოქმედდება. დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ საინფორმაციო და საგამოფენო სივრცეებს, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია, იმერეთის ტურისტული პოტენციალი და სხვადასხვა თემატური ინსტალაციები.
პროგრამის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში (11:00-18:00 სთ) ბავშვებისთვის მოეწყობა მინი გოლფი, გიგანტური სამაგიდო თამაშები (X-O, შაშკი), ბოულინგი და სხვადასხვა აქტივობები. ქალაქის ქუჩებში მსვლელობას მოაწყობს მოსიარულე ორკესტრი და ოჩოფეხები, ჩატარდება სამეცნიერო ექსპერიმენტების შოუ და საგარეუბნო თეატრალური წარმოდგენები. 14:00 საათიდან გაიხსნება კვების ზონა და ბარი, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი გასტრონომია.
ტრადიციულად, 17:10 საათზე, საქართველოს სხვა ქალაქებთან ერთად, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც ცოცხალი შესრულებით გაჟღერდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება.
სხვა სიახლეები
2027 წელს საქართველო ინტერპოლის ევროპის რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლებს
25.05.2026.11:40
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესპანეთის ქალაქ ტოლედოში მიმდინარე ინტერპოლის 53-ე ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე, წევრი ქვეყნების მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგად, ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მომდევნო - 54-ე რეგიონული კონფერენცია 2027 წელს საქართველოში გაიმართება.
აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სამართალდამცავი უწყებების ეფექტიან და წარმატებულ თანამშრომლობას ევროპელ პარტნიორებთან, ასევე საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიმართულებით ქვეყნის მზარდ როლსა და ნდობას.
კონფერენციას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი დონდოლაძე, საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი გიორგი ბოლოთაშვილი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე შალვა შუბლაძე.
კენჭისყრამდე, ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია საქართველოს პოლიციის მიერ ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების, საერთაშორისო ოპერაციებში წარმატებული თანამშრომლობისა და სამართალდამცავი სისტემის თანამედროვე შესაძლებლობების შესახებ.
2027 წელს საქართველოში დაგეგმილ კონფერენციას დაესწრებიან ინტერპოლის გენერალური სამდივნოსა და აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლები, ასევე ევროპის რეგიონის ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები.
საქართველოს მიერ მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიების მასპინძლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამართალდაცვით სფეროში პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.