დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს და პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი - სუს-ი
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციების საპროტესტო მუხტის კლებისთანავე, აქტიურდება დანაშაულებრივი გეგმის განმახორციელებელ ადგილობრივ აქტორთა გარკვეული ჯგუფი, რომელთა მიზანია მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს და ამ მიზნით, განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი.
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე, სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე დაწყებულ საქმეზე, გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები წარსულში არაერთხელ გავუზიარეთ საზოგადოებას. გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციების საპროტესტო მუხტის კლებისთანავე, აქტიურდება დანაშაულებრივი გეგმის განმახორციელებელ ადგილობრივ აქტორთა გარკვეული ჯგუფი, რომელთა მიზანია მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა, რაც მათი აზრით, გამოყენებულ უნდა იქნეს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის. აღნიშნულის ნათელი დასტურია, მილევადი საპროტესტო მუხტის პარალელურად, საგულდაგულოდ შენიღბული პირების მიერ სამართალდამცავებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე გახშირებული ძალადობრივი აქტები, როგორც საპროტესტო ლოკაციებზე, ისე მის მიღმა. განსაკუთრებით საყურადღებოა ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა, რაც ჩვენს მიერ განიხილება აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის ერთ-ერთ სავარაუდო ეპიზოდად, რომელიც საბედნიეროდ მსხვერპლის გარეშე დასრულდა. მიმდინარე საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. აქვე ვაცხადებთ მზადყოფნას აღნიშნულ სამსახურთან აქტიური თანამშრომლობის შესახებ, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს. ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი. აღნიშნული მსხვერპლშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც მათი განზრახვით უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაჰბრალდეს ხელისუფლებას. აღნიშნული პროცესების განხორციელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი აქტორები, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით. არსებული გეგმა ვითარდება ე.წ. „ფერადი რევოლუციებისთვის“ დამახასიათებელი აპრობირებული სცენარებით, მათ შორის, სხვადასხვა რიტუალური სცენებითა და ეტაპობრივი დესტრუქციით, რომლის კულმინაციას წარმოადგენს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს მოვლენათა ესკალაციას. აღნიშნულს ადასტურებს, ბოლო დღეებში, სახეშენიღბული დესტრუქციული ჯგუფების მიერ გარე მეთვალყურეობის კამერების დაზიანების ფაქტები, როგორც პროტესტის არეალში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე, რაც ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, გართულდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ დანაშაულებრივი გეგმის მონაწილე ან მსხვერპლი. ამასთან, პირადი უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში, შეეცადონ ნებისმიერი საეჭვო ვითარება თუ პროვოკაციის მცდელობა დააფიქსირონ მათ ხელთ არსებული სხვადსხვა ტექნიკური საშუალებით და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.