დარგობრივი საბჭოების ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას, რეფორმები, რომლებსაც ვახორციელებთ, თავიდან ბოლომდე კოორდინირებული იყოს ბიზნესთან - დავით სონღულაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში და აღნიშნა, რომ სამინისტრომ დარგობრივი საბჭოების ფორმატი შექმნა, რაც ბიზნესთან აქტიურ და კოორდინირებულ თანამშრომლობას უზრუნველყოფს.
„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბიზნესთან. შევქმენით დარგობრივი საბჭოების ფორმატი, რომლის ფარგლებშიც კვარტალში ერთხელ ვიკრიბებით კერძო სექტორისა და შესაბამისი დარგების წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრებზე აქტიურად განვიხილავთ იმ მოცემულობას, რომელიც თითოეულ დარგში არსებობს.
ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ მუდმივ კომუნიკაციაში კერძო სექტორთან და რეფორმები, რომლებსაც ვახორციელებთ, ასევე შედეგები, რომელთა მიღებაც გვინდა, თავიდან ბოლომდე იყოს კოორდინირებული ბიზნესთან. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი, რეფორმა იყოს მდგრადი, შედეგიანი და ხელშესახები.
სწორედ ამიტომ, ეს ფორმატი საკმაოდ საინტერესო და ეფექტიანია. ბიზნესს და თავად დარგის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, სამინისტროს მომსახურებების სრულ სპექტრზე იმსჯელონ. თუ რაიმე გადაწყვეტილება ან უკვე განხორციელებული რეფორმა საჭიროებს კორექტირებას, ამისთვისაც მზად ვართ და სწორედ ამ ფორმატში ვმუშაობთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
სხვა სიახლეები
ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
24.10.2026.15:22
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზის კმ1-კმ21 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.